თავდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებისთვის მედიასწავლებას იწყებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2016 წლის 1-5 ივლისს ჟურნალისტებისთვის მედიასწავლებას – “ღირსეული პასუხი 2016“ (Nobel Response – 2016) გამართავს.

პროექტის მიზანი, რთულად პროგნოზირებადი საინფორმაციო გარემოს გათვალისწინებით, ჟურნალისტების, რეპორტიორების და ოპერატორების ტრენინგია.

მონაწილეობის მსურველები 5 დღის განმავლობაში, 1 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით სრულად, 24 საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან სწავლების პროცესში. განთავსდებიან იმ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია სწავლების ჩატარება. შესაბამისად, სწავლების მონაწილეები 5 დღით მოწყდებიან ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.

სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, პროპაგანდისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.

პრაქტიკული ნაწილი კი, რეალური გარემოს სიმულაციის გათამაშება იქნება სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს შექმნიან და სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს „თავსატეხებით“ მოამარაგებენ. ასევე, შეუქმნიან ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს.

შესაბამისად სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცემათ. ასევე, გაეცნობიან ამ პროცესში თავდაცვის სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, კომპეტენციებსა და მუშაობის სპეციფიკას.

სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეები მოისმენენ მოწვეული ექსპერტების შეფასებებს და მიიღებენ შესაბამის რეკომენდაციებს.

სწავლებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 15 ივნისს 09:00 საათზე და გაგრძელდება 24 ივნისის 17.00 საათამდე. შეირჩევა 30 კანდიდატი. სწავლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და თანამშრომლობის პირობებს მონაწილეები უკვე ამის შემდეგ მიიღებენ.

სწავლებაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ ჟურნალისტებს, რეპორტიორებს, ტელე-ოპერატორებს და ფოტორეპორტიორებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

ჟურნალისტი, რეპორტიორი, ფოტო-რეპორტიორი, ოპერატორი, რომელიც მინიმუმ ორი წელია აქტიურად აშუქებს სამხედრო თემატიკას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ცხელ წერტილებში;
ჟურნალისტი, რეპორტიორი, ფოტო-რეპორტიორი, ოპერატორი, რომელიც მედიასაშუალების შტატიანი თანამშრომელია;
ჟურნალისტი, რეპორტიორი, ფოტო-რეპორტიორი, ოპერატორი, რომელიც მზად არის ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ჩართული იყოს სწავლებაში, იცხოვროს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე;
სწავლებაში მონაწილეობის მსურველმა ჟურნალისტმა, რეპორტიორმა, ფოტო-რეპორტიორმა, ოპერატორმა, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

პირადობის მოწმობის ასლი;
ორი ფოტო სურათი ¾ (მათ შორის ელ-ვერსიაც);
ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა (ფორმა #100);
რეზიუმე (CV);
სამოტივაციო წერილი;
სამხედრო თემატიკაზე მომზადებული მინიმუმ სამი ნამუშევარი (ჟურნალისტური ნამუშევრები მატერიალური ან ელექტრონული სახით);
მომართვა სამსახურიდან;
საბუთების გადარჩევის შემდეგ შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგებთან;

ინფორმაცია და დოკუმენტაცია შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: stratcom@mod.gov.ge ან, ჩააბაროთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში.

მისამართი, დ. უზნაძის ქუჩა #115;

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მობილურზე: 595 98 55 05;

გთხოვთ, გამოგზავნილ წერილის სათაურად მიუთითოთ „მედია-სწავლება“;

საბუთების მიღება (რეგისტრაცია) დასრულდება 2016 წლის 24 ივნისს 17:00 სთ-ზე;

banner
წინა სტატიაშიხელვაჩაურში წვეულებაზე 24 ადამიანი მოიწამლა
შემდეგი სტატიაბერლინში საქართველო – გერმანიის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს