თამო კეშელავა: პატარა ქვეყნის დიდი გმირი ქალაქი-წალენჯიხა

როცა ბევრი ჩემი მეგობარი წერდა, მეტი წალენჯიხა ქვეყანასო, მე ველოდებოდი შედეგს
როცა მეორე ნაწილი ირონიულად კითხულობდა, რას შვრება, აბა, წალენჯიხაო, მე ველოდებოდი წალენჯიხის ბიუჯეტის დამტკიცებას და მომეწონა რა ფორმითაც დამტკიცდა და როგორც გადანაწილდა. ომში რომ გაიმარჯვებს უკრაინა, ჩავალ და იმასაც ვნახავ, რა გააკეთა, რათა მერე სხვებს მოვუყვე, რის გაკეთება შეუძლია მერს და არ აკეთებს!
რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ წალენჯიხა ომის დაწყებისთანავე დამეგობრებია ერთ უკრაინულ ქალაქს – იავოროვს.
ვიცოდი, რომ გაიგზავნა იმ ქალაქში წალენჯიხის სახელით ჰუმანიტარული დახმარება, სისხლი, საჭირო ნივთები და არც მაშინ დამიწერია რამე, მერე რაო, იტყოდით, არა?
არ იბომბებოდა ეს ქალაქი 13 მარტამდე, ზურგში მყოფ ქალაქად ითვლება, მოხალისეების ბაზა იყო, დაჭრილები…
დაიბომბა 13 მარტს და გამოვიდა წალენჯიხის მერი და დამეგობრებული ქალაქი დაგვიბომბესო… ჩვენ დაგვიბომბესო, ჩვენო – ჩვენი მეგობარიო, ჩვენი მეგობარი ქალაქიო და ეს იმდენად სწორი მესიჯი იყო, შეხებაც არა მაქვს წალენჯიხასთან და ჩემ გულთანაც მოვიდა.
შეიძლება ამ ომის კიდევ მეტად გათავისება? – თურმე, კი.
ხოდა, 13-ში დაბომბეს წალენჯიხის მეგობარი ქალაქი და 14-ში უკვე იცოდა, კონკრეტულად რა სჭირდებოდა ქალაქს, რადგან ზურგში მყოფი ქალაქია, სადაც დაჭრილები და ქალები და ბავშვები გადაჰყავთ, მათი საჭიროება წყალი და ელექტროენერგიაა, მოსწერეს მეგობარ წალენჯიხას, წყლის საქაჩი ტუმბო და დიზელგენერატორები გვჭირდებაო და რომ ვიფიქრე, აუ, ამით როგორ დაეხმარებიან-თქო – ფონდი შექმნა წალენჯიხამ და წყლის საქაჩი ტუმბო უკვე უკრაინაში წალენჯიხის მეგობარ ქალაქში, იავოროვშია, წალენჯიხელი ხალხის სახელით!
ნეტავი, სხვა ქალაქებმა იციან, რა სჭირდებათ მათ მეგობარ ქალაქებს? თუ რაც მათ მოესურვებათ იმას უგზავნიან?
არ ვიცი, თქვენ იცით?
მარიუპოლს ჰყავს დაძმობილებული ქალაქი საქართველოში?
მარიუპოლი საქართველოს რომელ ქალაქს დაუბომბეს, იცით? მე არა.
მე ის ვიცი, რომ მარიუპოლიდან დღეს ორი ქართველი ოჯახი და 5 ქართველი ბავშვი გამოიყვანეს სამშვიდობოს და უზომოდ მიხარია და რომ ჰყოლოდა დაძმობილებულო ქალაქი საქართველოში, ვახარებდი!

ჩვენი დამეგობრებული ქალაქი დაგვიბომბესო, ხალხო…

აბა, ომი გინდააა? – აღარ მკითხავთ?
ომი არა, მშვიდობა გვინდა და სიცოცხლე გვინდა, ამიტომ გაუგზავნა წალენჯიხამ წყლის საქაჩი ტუმბო!
მშვიდობა გვინდა და ეს ომი რომ მოიგოს ეგ გვინდა.

იქნებ, ზის ახლა უკრაინელი მებრძოლი სანგარში და ვიღაცა რაციით ეუბნება, საქართველოდან შენი ქალაქის ძმობილმა ქალაქმა, პატარა ქალაქმა, პატარა ბიუჯეტით, დაბომბვისთანავე დაგვირეკა, არ მოგვეშვა, სანამ არ ვუთხარით რა გვჭირდება და 2 დღეში ჩამოგვიტანა და შენ ოჯახს წყალი აქვს, არ იდარდოო, ვინ იცის, როგორი გული მიეცეს…
ზის იქნება, უკრაინელი ბავშვი თავშესაფარში და თავისი ქალაქის გერბს უყურებს ინტერნეტში და კითხულობს, სადაა წალენჯიხა, ვინაა? ჩვენიანია?
უკრაინის დროშებიც ამიტომ აქვთ ადამიანებს, კომპანიებს ქავერზე, ესეც მხარდაჭერის ჟესტია და არანაკლები ჟესტია ეს რუსეთისთვის, რუსი მოქალაქისთვის, რომელმაც, რუსეთის და ბელორუსის გარდა სადაც უნდა გაიხედოს, ყველგან, ყველას უკრაინის გამარჯვება უნდა!-წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ოპოზიციას – იქნებით ნოლები და იქნებით ფარჩაკები, სიტყვა “ფარჩაკი” შეესაბამება ამ ძალას
შემდეგი სტატიააშშ-ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს “ომის დამნაშავე” უწოდა