„თალიბანი“ – ქაბულში აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას სამოქალაქო პირებიც შეეწირნენ

„თალიბანი“ აცხადებს, რომ ქაბულში აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას სამოქალაქო პირებიც შეეწირნენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

„თალიბანის“ სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან (CGTN) ინტერვიუში განაცხადა, რომ კვირას აშშ-ის მიერ სავარაუდო თვითმკვლელ ტერორისტზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულ თავდასხმას შვიდი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. მან დაგმო აშშ-ის ქმედება და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ აშშ-მა „თალიბანს“ თავდასხმის შესახებ არ შეატყობინა.

მისი თქმით, თუ ავღანეთში არსებობს რამე პოტენციური საფრთხე, აშშ-მა თვითნებურად არ უნდა იმოქმედოს და თავდასხმამდე „თალიბანი“ უნდა ჩააყენოს საქმის კურსში.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ იძიებენ ცნობებს უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული დარტყმის შედეგად, სამოქალაქო პირების მსხვერპლის შესახებ.

პენტაგონის ოფიციალური განცხადებით, კვირას აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ქაბულის აეროპორტთან „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო თვთითმკვლელი ტერორისტის ავტომობილი დაბომბა. ოფიციალური პირების თქმით, თვითმკვლელი ტერორისტი ქაბულის აეროპორტზე თავდასხმისთვის ემზადებოდა, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებულნი.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – მესამე ძალის დაბადების ამბიცია კარგი არ არის, სჯობს, პირველი ძალის ამბიცია გქონდეს
შემდეგი სტატიანათელაშვილი – სასწრაფოდ გაუქმდეს საქალაქო ტრანსპორტზე მოძრაობის აკრძალვა