თალაკვაძე: გაკეთდა მნიშვნელოვანი განმარტებები ისეთ საკითხებთან მიმართებაში,როგორიცაა პატიმრების საქმეები, როგორიც არის 43-პროცენტიანი ნდობის ზღვრის გამოყენება თვითმმართველობის არჩევნებში

დღეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას უკავშირდება და ის ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ჩვენ საზოგადოებასთან და პარტნიორებთან ერთად გავატარეთ, დღეს გვაძლევს საშუალებას, რომ გვქონდეს წარმომადგენლობითი და მრავალპარტიული პარლამენტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია იმართება.

„ეს შეთანხმება სწორედ ამას ემსახურება და ვფიქრობ, რომ პოზიტიური ნაბიჯი არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ დღეს მნიშვნელოვანი განმარტებები მოვისმინეთ, გაკეთდა მნიშვნელოვანი განმარტებები ისეთ საკითხებთან მიმართებაში,როგორიცაა პატიმრების საქმეები, როგორიც არის 43-პროცენტიანი ნდობის ზღვრის გამოყენება თვითმმართველობის არჩევნებში, ასევე ორმესამედიანი კვორუმის პრინციპების გამოყენება, რომელთან ერთად არსებობს შეთანხმება, რომ ჩვენ შემოვიღებთ და კანონში გავწერთ ასევე ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან.

მსურს, მადლობა გადავუხადო მედიაციისთვის პრეზიდენტ მიშელს, ასევე აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს. რაც მთავარია, ჩვენს თანამოქალაქეებს იმისთვის, რომ მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ თვეების განმავლობაში საკმაოდ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. ველოდებით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი: თუ ამის შემდეგ ჩვენ ვისწავლით ერთმანეთთან ლაპარაკს, აღარასდროს დაგვჭირდება ამ ტიპის დახმარება
შემდეგი სტატიახაზარაძე: მინდა ვისურვო, მომავალში პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი ხანი საკითხების შესათანხმებლად