ტექნიკური უნივერსიტეტი-„ვიონი საქართველო“ – ახალი პერსპექტივა სტუდენტებისათვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისებასა და განვითარებას „ბილაინში“ შეძლებენ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მობილურ ოპერატორს, „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი ბილაინი) შორის სტუდენტების სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის თაობაზე, დღეს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და „ვიონი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ანდჟეი მალინოვსკიმ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია, ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა, რომლებიც კომპიუტერული ინჟინერიის, ტელეკომუნიკაციის, კომპიუტერული მეცნიერიების, ინფორმაციის დაცვის, პროგრამული ინჟინერიისა და დიდ მონაცემთა სისტემების სპეციალობებს ეუფლებიან. მნიშვნელოვანია, რომ მემორანდუმის თანახმად, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტებისგან, „ბილაინის“ მომავალი საკადრო რეზერვი შეიქმნება.

დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების, ტრენინგების, სემესტრული პრაქტიკისა და სტაჟირების ორგანიზებას. რაც მთავარია, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციების დანერგვაზე ტელეკომუნიკაციის, პროგრამირებისა და IT ინჟინერიის მიმართულებით.

როგორც არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, კარგია, როდესაც უნივერსიტეტის და ბიზნესკომპანიის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, განსაკუთრებით იმ საქმიანობის განვითარების კუთხით, რომლითაც მხარეები არიან დაკავებული.

„იმისათვის, რომ უკეთ იცოდეთ ჩვენი საქმიანობის შესახებ, მოკლე ექსკურსს გავაკეთებ: ჩვენ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის, CERN-ის მსხვილ შეკვეთაზე ვმუშაობთ. ასევე, ვაკეთებთ სერიოზულ აპლიკაციებს ჩვენი პარტნიორი უნივერსტეტებისთვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევით ორგანიზაციას (KEK), ასევე, სოკენდაის უნივერსიტეტს (SOKENDAI) შორის სამი მემორანდუმი იქნა ხელმოწერილი სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ, რაც უპრეცედენტოა საქართველოსთვის და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას. კერძოდ, მემორანდუმის პროექტის თანახმად, იაპონიის განთლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღიარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევებისა და განათლების ხარისხს, ამასთან, ქართველი დოქტორანტები სწავლებისა და კვლევების ნაწილს იაპონიაში გაივლიან და, ამ მიზნით, აქტიურად გამოიყენებენ KEK-ისა და იაპონიის პროტონების ამაჩქარებლების ცენტრის (JPARC) უნიკალურ სამეცნიერო და ლაბორატორიულ ინფრასტრუქტურას. ასევე, მემორანდუმის პროექტის თანახმად, იაპონიის მხარე ქართველ დოქტორანტებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იაპონიაში სწავლისა და სამეცნიერო კვლევების პროცესში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წარმატებული დოქტორანტებზე ორმაგი ხარისხი, ორმაგი დიპლომი გაიცემა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი არის KEK-ის ერთ-ერთი უნიკალური ექსპერიმენტის COMET-კოლაბორაციის აქტიური წევრი და მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებს ექსპერიმენტის განხორციელებისთვის საჭირო კვლევით სამუშაოებში. სტუ-ის ჯგუფი COMET-ექსპერიმენტში უდიდესი სუბდეტექტორის, კოსმიკ ვეტო მთვლელების (Cosmic Ray Veto, CRV) დეტექტორული სისტემის შექმნასა და ოპერირებაზეა პასუხისმგებელი.

ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები ფლობენ დიდ პოტენციალს, კარგად ფლობენ სპეცტექნიკას, გვინდა შევქმნათ ჩვენი წარმოება. გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტი ტრადიციულად ითვლებოდა კლასიკური ტიპის საგანმანათლებდლო დაწესებულებად, მივიღეთ შედეგად ის, რომ მხოლოდ თეორიულ განათლებას ვაძლევდით სტუდენტებს. ამიტომ, გავაკეთეთ ლაბორატორიები, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ კურსს გადიან. ახლო მომავალში კიდევ ერთ, ევროპული სტანდარტების ლაბორატორიას გავხსნით, უკვე გვაქვს სათანადო შენობა, ლაბორატორია კი ნახევარი მილიონის ღირებულების უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. ასევე, გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა კერძო სტრუქტურებთან, სადაც ჩვენი სტუდენტები გადიან პრაქტიკას“, – განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

ანდჟეი მალინოვსკის აზრით, ბიზნესი მუდმივად უნდა იყოს ორიენტირებული განვითარებაზე, მუდმივად უნდა ისახავდეს ახალ მიზნებსა და ამოცანებს, რომ მომხმარებლის თვალში მიმზიდველობა არ დაკარგოს. „ვიონი საქართველოს“ გენერალური დირექტორი კომპანიის განვითრების ერთ-ერთ ეფექტურ გზად ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას მიიჩნევს.

„ვერცერთ ბიზნესში ვერ იქნები ბაზრის 100%-იანი წილის მფლობელი, მეტიც – 40%-ის მფლობელიც თუ ხარ, მაშინ უკვე საკმაოდ დიდი ხდები ბაზრისთვის და შემდეგ, სულ სხვა მექანიზმები ერთვება. ამიტომ, ჩემი მიდგომა ასეთია, სანამ ბაზრის 100%-ს არ ფლობ, ყოველთვის გაქვს ადგილი ზრდისთვის. ამ ეტაპზე ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მთავარი ამოსავალია, რაც შეიძლება კარგად მოვემსახუროთ ჩვენს 1.3 მილიონ მომხმარებელს. მაგალითად, გუნდური მუშაობის შედეგად, მომხმარებელი, ერთ ღამეში, სხვადასხვა IT სისტემებიდან ისე გადავიყვანეთ ერთ სისტემაზე, რომ არც ერთი მათგანი არ დაგვიკარგავს. ჩვენი გამოცდილებით სხვა ქვეყნების ოპერატორებიც დაინტერესდნენ, იგივე სქემა გაიმეორეს და სისტემამ მათთვისაც წარმატებით იმუშავა – მათთვის ეს გზა ჩვენ გავკვალეთ.

ქვეყანაში ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ბაზარზე 4G დავნერგეთ, 2015 წლიდან დღემდე 127%-ით გავზარდეთ მობილური ინტერნეტის მოხმარება, ვნერგავთ სრულიად ახალ გამოცდილებას ვიონის სახით და ეს არ იქნება ერთადერთი სიახლე, რასაც ჩვენ მივმართავთ მომხმარებელთა ურთიერთობების ოფლაინიდან ონლაინ რეჟიმში გადასაყვანად. თუმცა, მეორე მხრივ, ზოგიერთი გადაწყვეტილება მიღებულია არა ჩემ მიერ, ან ჩვენი ჯგუფის სათაო ოფისის მიერ ამსტერდამში ან ჩვენი ციფრული ოფისის მიერ ლონდონში – არა, ეს გადაწყვეტილებები თავად 21-ე საუკუნემ მიიღო.
ერთიანი ჯგუფის დონეზე, დღეს ჩვენ გაგვაჩნია იმხელა ინფრასტრუქტურა, რომ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს ვფარავთ. აქედან გაჩნდა კითხვა: თუკი ეს ინფრასტრუქტურა გვაქვს, მაშინ რატომ არ შევქმნათ ჩვენი საკუთარი სერვისი, რომელიც ვიბერს და ვოთსაპს კონკურენციას გაუწევს და ჩვენს შემოსავლებს არ შეამცირებს? შემდეგი კითხვა იყო – რით შეიძლება ვაჯობოთ ბაზარზე უკვე არსებულ მოდელებს? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, როცა შედიხარ ბიზნესში, რომელიც განვითარების უკვე საკმაოდ მაღალ სტადიაზეა.
ვიონის ინდივიდუალური ინტერნეტპლატფორმა მულტიკულტურული პროექტი გამოდგა. ლონდონის და საქართველოს გუნდები, ასევე, უკრაინაც, სადაც ვიონი უკვე კომერციული პროექტია, ერთად მუშაობენ პლატფორმის დახვეწაზე, მუდმივად მიმდინარეობს ბრეინშტურმინგი და ახალი იდეების მოფიქრება. შემდეგ ამ იდეების ტესტირება. ჩვენი მიზანია, ჯერ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ეს სერვისი და თუ გაამართლებს, შემდეგ ვიფიქროთ მის კომერციალიზაციაზე. მოხარული ვიქნებით, თუ ამ და სხვა სიახლეებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები და თქვენი სტუდენტები ჩაერთვებიან“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

banner
წინა სტატიაშიფინანსთა მინისტრი პარლამენტს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს
შემდეგი სტატიათამარ ტალიაშვილი – შეუძლებელია, წინასაარჩევნო პერიოდში საბავშვო ბაღების მონიტორინგი არ განვახორციელოთ