სუს-ი ზუგდიდის ყოფილი მერისა და ყოფილი ვიცე-მერის დააკავებას ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის
აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა
დააკავეს. ,,თაიმერმა” ექსკლუზიური ინფორმაცია დაკავების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა:
იხილეთ მასალა: https://www.timer.ge/lasha-gogia-da-gia-gulordava-dakavebulia-giorgi-gakhariam-ocnebis-tsmenda-daitskho/

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია
გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და
ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას
ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ
აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და
გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.
შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის
იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი – რკინიგზის სადგურის
მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის მაისში იმავე
მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500
აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას
მიერ მითითებული პიროვნების ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით,
რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე
მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც
სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე
ვადით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის დადგენის მიზნით კომისია შეიქმნება
შემდეგი სტატიააკაკი ზოიძე – სრული მობილიზებაა აუცილებელი