სულელი არავინ არ არის, ელჩები ახალს ვერაფერს იტყვიან – სამადაშვილი ოცნებას პასუხობს

ელჩები ახალს ვერ ვერაფერს იტყვიან, რადგან უკვე ყველაფერი ნათქვამია, თუ რაზე იყო შეთანხმება, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის მიმართვას დიპლომატიური კორპუსისადმი.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, თუ შეთანხმება არ შესრულდება, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდისთვის საერთაშორისო ზეწოლის მექანიზმები მტკივნეული იქნება.

„ეს განცხადებები აჩვენებს, რომ პანდემიის ფონზე და იმ ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომელიც ქვეყანას ელოდება, ივანიშვილის გუნდმა გადაწყვიტა ძალაუფლების უზურპაცია. ეს არის მისი სურვილი და არჩევნების პროცესისთვის ყველანაირი შინაარსის გამოცლა. არ უნდა რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და ამავე დროს ცდილობს, ეს გადააბრალოს ოპოზიციას. სულელი არავინ არ არის, ვერაფერ ახალს ელჩები ვერ იტყვიან, რადგან ნათქვამია უკვე ყველაფერი რაზე იყო შეთანხმება და ეს პირობები უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლის მექანიზმები იქნება ძალიან მტკივნეული. მათ ინტერესებშიც შედის, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართეს და სთხოვეს დაედასტურებინათ, რომ მმართველ გუნდს პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ აუღია.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის მორიგი ტყუილი – ოპოზიცია ქართული ოცნების ლიდერებს პასუხობს
შემდეგი სტატიარიჟვაძე ქედის მონაკვეთზე: რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება ორმხრივად აღდგეს მოძრაობა