სოფელ ხელთუბანში ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

სოფელ ხელთუბანში თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლის გამოც გორში აქცია მიმდინარეობს, შსს განცხადებას ავრცელებს.

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი 1999 წელს დაბადებული თ.მ.-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხულია 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად – კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით – დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა დღეს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე აქცია გამართეს და 20 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეაფერხეს, შემდგომ კი საპროტესტო აქციის გაგრძელება გორის ცენტრში დააანონსეს. გზის გადაკეტვას სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება და პოლიციის დამატებითი ჯგუფების გამოძახება მოჰყვა.

banner
წინა სტატიაში“…სამეგრელოს და მეზობელ აფხაზეთს შორის” – ზურაბიშვილი აფხაზეთს მეზობლად მოიხსენიებს
შემდეგი სტატია“კოკა-კოლას“ დირექტორმა სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა