სოხუმის ხელისუფლება მდინარე ენგურზე გადასასვლელების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირებას გეგმავს

დღემდე ჭორის დონეზე მოარული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოხუმის ხელისუფლება მდინარე ენგურზე გადასასვლელების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირებას გეგმავს, დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დაადასტურა – РИА «Новости» ავრცელებს.

ამასთან, ხაჯიმბას არ დაუზუსტებია, აქვს თუ არა ამ გადაწყვეტილებას კავშირი 19 მაისს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, ე.წ. საზღვრის სიახლოვეს საქართველოს მოქალაქის, 31 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან, რომელშიც აფხაზ მესაზღვრეს რაშიდ ქანჯი-ოღლის ედება ბრალი, თუმცა «დისციპლინის ამაღლების აუცილებლობა» აღნიშნა:
«ყველა ეს გადასასვლელი დაიხურება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ დისციპლინა იყოს ერთ გადასასვლელზე, თანაც საკმაოდ სერიოზული და წონადი».

რას მოიტანს სოხუმის ახალი წესები, ჯერ-ჯერობით გაუგებარია, თუმცა ფაქტია, რომ მხოლოდ ერთი გადასასვლელის არსებობა ენგურს გაღმა და გამოღმა მცხოვრები ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ხელს შეუშლის.

banner
წინა სტატიაშიგოგი თოფაძე: ჩვენ არავითარ შემთხვევაში პრორუსული ძალა არ ვართ, ჩვენ პროქართული ძალა ვართ
შემდეგი სტატიასოფელ შილდასთან ქალის ცხედარი იპოვეს