სოხუმი უკმაყოფილოა მიხეილ ჯანელიძის კომენტარით

სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილოა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის კომენტარით, რომელიც მან გააკეთა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით.
ამ უკანასკნელმა ვენაში, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას ასეთი პასუხი გასცა: “რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს ისევე, როგორც ორი ახალი რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას”.
“რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გასაგებად მიუთითა არსებული პოლიტიკური რეალიების შესახებ, რომ ყოფილი საქართველოს სსრ-ს ადგილზე ამჟამად არსებობს სამი სუვერენული სახელმწიფო: საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. გაუგებარია, რისი დამტკიცება სურს მ. ჯანელიძეს თავისი რეაქციით…ჯენელიძის სიტყვები რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის შესახებ წინააღმდეგობაში მოდის ეუთოს ფუნდამენტურ პრინციპებთან…საქართველო ატარებს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია აფხაზეთის იზოლაციისკენ…”, – აღნიშნულია სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში, რომელიც მის ოფიციალურ საიტზე განთავსდა.
შეგახსენებთ, მიხეილ ჯანელიძემ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ეწინააღმდეგება ეუთო-ს სადამფუძნებლო პრინციპებს.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს შემადგენლობაში საერთაშორისო საზოგადოება მოიაზრებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის „დაკანონებას“, არ იქნება მიღებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ეს კარგად გამოჩნდა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, სადაც რუსეთის ფედერაცია არის ერთადერთი, რომელსაც გააჩნია ეს პოზიცია”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიაქციის ორგანიზატორთა შეფასებით, კიევის ქუჩებში 50 000 ადამიანი გამოვიდა
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური: ივანიშვილის კორუმპირებული, კრიმინალური და უმეცარი რეჟიმი ვერ და არ უპასუხებს ამ ახალ გამოწვევას