სხვადასხვა ინფორმაცია მოვისმინეთ, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა-პროკურორი წიკლაური ე.წ. ციანიდის საქმეზე

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, სავარაუდოდ, დღეს განახლდება. გუშინ კი ის
ე.წ. მატროსოვის ციხეში, გამოძიების კითხვებს 8 საათის განმავლობაში პასუხობდა. დაკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა. ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ გამოძიებას დაკითხვის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩნდა. მისივე განცხადებით, პროკურატურის ინტერესებშია გამოძიების სრულყოფილი და ობიექტური ჩატარება.

“დადებითად ვაფასებთ, რომ ბრალდებულმა გადაწყვიტა ჩვენების მიცემა. ჩვენს ინტერესებშია გამოძიების ობიექტური და სრულყოფილი ჩატარება. არსებობს ბევრი კითხვა და დღეისთვის ვერ მოხერხდა ამ კითხვების დასმა. კიდევ უფრო ბევრი კითხვა გაგვიჩნდა, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა, როდესაც დღეს სხვადასხვა ინფორმაცია მოვისმინეთ. ბუნებრივია დაისმება შეკითხვები და ბრალდებულს მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ვინაიდან არ დასრულებულა ბრალდებულისგან სრულყოფილი ინფორმაციის მოსმენა და დაკითხვის პროცედურები უნდა გაგრძელდეს, დღეისთვის რაიმე შეფასების გაკეთება არასერიოზულია. პირველივე შესაძლებლობისთანავე გაგრძელდება ბრალდებულის დაკითხვა. ეს შეიძლება იყოს ხვალ, ეს შეიძლება იყოს ზეგ”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, გარკვეულ კითხვებზე პასუხის გასაცემად ოჯახისწევრთა უსაფრხოების გარანტიებს ითხოვს. განცხადება, დაკითხვის დასრულების შემდეგ, დაცვის მხარემ გააკეთა.

“დაკითხვის დროს მამა გიორგიმ ბრძანა, რომ იქ გამოძიების მხრიდან გარკვეული შეკითხვები იყო, ამ ეტაპზე შეიკავა თავი ერთი მიზეზის გამო, რომ აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების მიზნით მისი ოჯახის წევრები, რაზეც პროკურატურისთვის ცნობილია,“ – განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ეს პროცესი არის წყალგამყოფი, სად იქნება ჩვენი სახელმწიფო”-ლაშა ტუღუში “რუსთავი2-“-ის საქმეზე
შემდეგი სტატია“მირჩევნია საქმეს მივხედო“ – ნარმანია საკრებულოში მისვლას არ აპირებს