სკანდალით დაწყებული მერკელის ამიერკავკასიური ვიზიტი

უცნაური ამბავია: ანგელა მერკელმა მოითმინა ის, რომ აზერბაიჯანმა მას, მსოფლიოში ეკონომიკური კუთხით, მეოთხე ქვეყნის ლიდერს, ბაქოში გერმანიის პარლამენტის ერთ-ერთ წევრთან ერთად შესვლა აუკრძალა, რომელიც, ასევე, მერკელის პარტიის წევრია. ალბერტ ვაილერი ბუნდესტაგში ამიერკავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეა. საქართველოსა და სომხეთში ვიზიტების შემდეგ, ვაილერი იძულებული იქნება მერკელის თვითმფრინავი დატოვოს. მერკელმა გადაწყვიტა აზერბაიჯანში ვიზიტი არ ჩაეშალა – “დოიჩე ველე” წერს და მკითხველს ამიერკავკასიის რეგიონის თავისებურებების მცირე მიმოხილვას სთავაზობს.

აზერბაიჯანი: “ვაილერის საქმე”, ადამიანის უფლებები და გაზი

გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის შტეფან ზაიბერტის თქმით, “ყველა გარემოების აწონვით” გადაწყდა, რომ აზერბაიჯანში ვიზიტს “აზრი აქვს და მნიშვნელოვანია”. რაც შეეხება თვითონ ვაილერს, რომელსაც მთიან ყარაბაღში ვიზიტის გამო აზერბაიჯანმა საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, “დოიჩე ველესთან” საუბარში თქვა, რომ სადავო ტერიტორიის სომხური მხრიდან ვიზიტის შემდეგ, არა ერთხელ სთავაზობდა აზერბაიჯანის მთავრობას, იგივე ტერიტორიების აზერბაიჯანის მხრიდან ვიზიტს. ბაქომ, მთელი ისტორია გააბუქა, თვითონვე ვნებენ საკუთარ თავს – თვლის დეპუტატი.

“ვაილერის საქმე” აჩვენებს: 23 აგვისტოს დაწყებული მერკელის სამდღიანი ამიერკავკასიური ვიზიტის ყველაზე რთული დღე ბაქოში იქნება. აზერბაიჯანი თავისი მდიდარი გაზის მარაგის გამო ევროკავშირისთვის სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც, თავის მხრივ რუსეთთან ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებას აპირებს. მიმდინარე წელს გაზსადენ TANAP-ის გაშვების შემდეგ, რომელის მეშვეობით აზერბაიჯანული გაზი თურქეთში შევიდა, გაჩნდა პერსპექტივა, რომ ბაქო ევროკავშირსაც მოამარაგებს გაზით, რამაც, თავის მხრივ, ბაქოს მნიშვნელობა გაზარდა. აგვისტოს შუა რიცხვებში აზერბაიჯანმა საკუთარი პოზიციები კიდევ გაამყარა, როცა რეგიონის ოთხ ქვეყანასთან კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციას მოაწერა ხელი.

მერკელის დელეგაციის აზრით, აზერნაიჯანში მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი თემა, ზუსტად ისევე, როგორც სომხეთსა და საქართველოში, ინვესტორების სამართლებრივი გარანტიები იქნება. ასევე, პრეზიდენტ ილხამ ალიევის შეხვედრაზე გერმანიის კანცლერი ადამიანის უფლებებზეც ისაუბრებს. ბევრი გერმანელი უფლებადამცველი თვლის, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების ისეთ დონეზე დარღვევები ხდება, რომ მერკელს ალიევთან შეხვედრასა და მისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი უნდა ეთქვა.

ევროკავშირის პოლიტიკური ღირებულებების კუთხით, აზერბაიჯანი, მართლაც “უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია” – ბერლინის ფონდ “მეცნიერებისა და პოლიტიკის” ხელმძღვანელმა უვე ჰალბახმა თქვა. როცა ევროკავშირი ბაქოს სამართლებრივი სახელმწიფოს ნორმებზე უთითებს, იქ ამაზე რეაგირებენ, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე – ექსპერტი ამბობს.

საქართველო: წარმატებული რეფორმები და ნატოში ვერ შესვლა

ამიერკავკავიის ვიზიტისას ანგელა მერკელი პირველ გაჩერებას საქართველოში გააკეთებს. გერმანიის მთავრობის აზრით, საქართველომ “შთამბეჭდავ ეკონომიკურ პროგრესს მიაღწია”, ასევე, ნათელია ბევრი პროევროპული რეფორმების გატარება. ბერლინი, ასევე, პოზიტიურად ეხმიანება კორუფციასთან ბრძოლას. საერთაშორისო სავალურო ფონდი საქართველოში, მიმდინარე წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-ით მატებას ელოდება. საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. ევროპისკენ საქართველოს სწრავფა აშკარაა. ქართველი ჯარისკაცები ნატოს 2018 წლის წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ.
ამავე დროს, ბერლინს ახსოვს 2008 წლის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი და არ შეუძლია არ გაითვალსწინოს თბილისთან ურთიერთობა როგორ მოქმედებს რუსეთთან ურთიერთკავშირზე. ასე, რომ მერკელს მოუწევს საკუთარ ქართველ თანამოსაუბრეებს კიდევ ერთხელ აუხსნას, არმიაში წარმატებული რეფორმების მიუხედავად, ეკონომიკური წარმატებების მიუხედავად, კორუფციასთან ბრძოლის მიუხედავად, ავღანეთში ნატოს მისიის მხარდაჭერის მიუხედავად, საქართველო რატომ უნდა იმყოფებოდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღების რიგში.

ათი წლის წინ, ბუქარესტში ნატოს სამიტზე, ზუსტად გერმანიამ და საფრანგეთმა თქვეს უარი საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე. ეს საკითხი დღემდე აქტუალურია და “დღის წესრიგიდან არ მოხსნილა” – ბერლინში სამთავრობო წრეებში ამბობენ.

სომხეთი: ევროპული ღირებულებები, მოსკოვის აჩრდილი და სიტყვა “გენოციდი”

სომხეთში ვიზიტისას რუსეთის თემა ყველაზე მნიშვნელოვან როლს დაიკავებს. ოპოზციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი მაისში “ხავერდის რევოლუციის” დროს დაინიშნა. ის რეფორმებს ატარებს და ებრძვის კორუფციას. ამავე დროს, ის დაუღალავად ამბობს,რომ რუსეთთან ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში მჭიდრო კავშირები სურს.
გერმანია სომხეთს აგრძნობინებს, რომ “ჩვენ დიდი ინტერესით ვაკვირდებით მიმდინარე გარდაქმნების პროცესს, რადგანაც ისინი აშკარად ევროპული ნორმებისკენ არის მიმართული”. ამოცანა იოლი არ არის: სომხების ევროპული სწრაფვის მხარდაჭერა ისე, რომ ამასთანავე, მოსკოვის გაღიზიანება არ გამოიწვიოს.

სომხეთში ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანია-თურქეთის ურთიერთობაში. ანგელა მერკელი სომხების გენოციდის მემორიალზე გვირგვინს მიიტანს. როცა 2016 წელს ბუნდესტაგმა ოსმანთა იმპერიის დროს 1,5 მილიონი სომეხის მკვლელობას “გენოციდი” უწოდა, ამან ანკარასთან მწვავე კონფლიქტი გამოიწვია. ახლა თურქეთი და სომხეთი ერთნაირი ინტერესით აკვირდებიან იმას, იტყვის თუ არა გერმანიის კანცლერი სიტყვა “გენოციდს”.

მომზადებულია “დოიჩე ველეს” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტროსთან შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ
შემდეგი სტატიარუსი ტროლები ავსტრალიაშიც აღმოაჩინეს