სიკორსკი – უკრაინასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიცია არ არის თეთრი და შავი, როგორც ზოგიერთი ფიქრობს

უკრაინასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიცია არ არის თეთრი და შავი, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოს“ მფლობელ კომპანია Axel Springer-თან ინტერვიუში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

„დონალდ ტრამპი იყო მართალი, როდესაც მოგვიწოდებდა ყველას ევროპაში, მეტი დაგვეხარჯა თავდაცვაზე“, – განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ ტრამპმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები ჯერ კიდევ ომამდე გაუგზავნა, როდესაც სხვები ამას არ აკეთებდნენ.

მედიასაშუალების ცნობით, პოლონეთი დიპლომატიურ კამპანიას იწყებს, რათა დაარწმუნოს ტრამპი, რა საშიშროებას წარმოადგენს ვლადიმირ პუტინი, პოლონეთისთვის რუსეთის წარმატება უკრაინაში და ნატოსადმი აშშ-ის ვალდებულებების შესუსტება ეგზისტენციალური საფრთხის შემცველია და ვარშავა ცდილობს ლობირებას და ტრამპის მოხიბვლას მის თეთრ სახლში პოტენციურ დაბრუნებამდე.

ტრამპი იმუქრება, რომ არ დაიცავს ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე. თავად პოლონეთი თავდაცვაზე მშპ-ს ოთხ პროცენტს ხარჯავს, რაც ნატო-ს მიზნობრივ მაჩვენებლებზე ორჯერ მეტია. როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, არის იმის ადრეული ნიშნები, რომ პოლონეთის ძალისხმევა შეიძლება, ტრამპს „ჭკუაში დაუჯდეს“. მიმდინარე თვის დასაწყისში ნიუ-იორკში პრეზიდენტ დუდასთან შეხვედრის შემდეგ, ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის გადარჩენა და სიძლიერე მნიშვნელოვანია აშშ-სთვის და რომ ის მხარს უჭერს პოლონეთს.

რადოსლავ სიკორსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპს არ გამოუთქვამს პროტესტი უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით, რაც აჩვენებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ იცვლება.

„მე არ მომისმენია რამე პროტესტი. ასე რომ, ვიმედოვნებ, პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრამპმა დაინახა, რომ უკრაინის დახმარების საკითხზე წინააღმდეგობა არ არის პოპულარული აშშ-ში, რომ ეს აზარალებს მის შანსებს“, – განაცხადა სიკორსკიმ.

ამასთან, მინისტრს ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთის მხრიდან პოლონეთისთვის საფრთხე რეალურია.

„რუსეთი მრავალჯერ დასხმია თავს პოლონეთს ჩვენი ისტორიის 500 წლის განმავლობაში“, – განაცხადა სიკორსკიმ და აღნიშნა, რომ მას არ გაუკვირდებოდა, ეს რომ კიდევ ერთხელ მომხდარიყო.

სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის არმია შემდგომი დაპყრობისთვის ძალას მხოლოდ მაშინ მოიპოვებს, თუ უკრაინას დაიკავებს.

„ჩვენ გვაქვს არჩევანი: ან გვყავდეს დამარცხებული რუსული არმია უკრაინის საზღვრებს გარეთ, ან გამარჯვებული რუსული არმია პოლონეთთან საზღვარზე. და მაშინ პუტინი გააკეთებს იმას, რაც ჰიტლერმა გაუკეთა ჩეხოსლოვაკიას, ის მოახდენს უკრაინის ინდუსტრიისა და ხალხის მობილიზებას შემდგომი წინსვლისთვის“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თუ პუტინი დაიკავებს უკრაინას, ის უფრო ძლიერი გახდება და დასავლეთისთვის გამოწვევები უფრო გაიზრდება.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაემანუელ მაკრონი მზადაა, საერთო ევროპულ თავდაცვაში ბირთვული იარაღის როლის შესახებ დებატები გახსნას