რატი ამაღლობელი – ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ საქართველოს, ამდენი და კიდევ მეტი უნდა ვიყოთ – დავენახოთ მსოფლიოს!

ჩვენ ჩვენი გულებიდან გავათბეთ და ავანთეთ საქართველო, როგორც ელვარე და ჩაუქრობი ვარსკვლავი ევროკავშირის დროშაზე, – ამის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.

როგორც მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ პირველი მარში 9 აპრილს ჩატარდა და ქართველმა ხალხმა გამარჯვება 26 მაისს უნდა იზეიმოს.

“გაგიმარჯოს საქართველო! დღეს საქართველო ყველა მიმართულებიდან დაიძრა, მტკვარს, სამას არაგველს გამოუყვა, მარცხენა და მარჯვენა გააერთიანა. ჩვენი მოძრაობა 9 აპრილს დაიწყო. ახლაც, პირველი მარში 9 აპრილს იყო. ჩვენ 26 მაისს უნდა გავიმარჯვოთ და ეს დღე ერთად უნდა ვიზეიმოთ. გაუმარჯოს ჩვენს გზას 9 აპრილიდან 26 მაისამდე. გამოვიარეთ რუსთაველი, მარჯვენა და მარცხენა სანაპირო და საქართველოს ისტორიის გულში მოვედით. ჩვენი გული ფეთქავს! ჩვენ ჩვენი გულებიდან გავათბეთ და ავანთეთ საქართველო, როგორც ელვარე და ჩაუქრობი ვარსკვლავი ევროკავშირის დროშაზე. ადამიანებო, რომლებიც ერთმანეთს საქართველოს სიყვარულით იცნობთ, ერთმანეთს ხელები მოკიდებთ და მაღლა აწიეთ. ეს არის საქართველო – თავისუფალი, ლაღი, მოძრავი, შეუჩერებელი! ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას. ამდენი და კიდევ მეტი უნდა ვიყოთ ხვალ. დავენახოთ მსოფლიოს!”, – განაცხადა რატი ამაღლობელმა.

 

banner
წინა სტატიაში„ევროპის მარში” დაიწყო (ვიდეო)
შემდეგი სტატიახვალ საღამოს, 22:00 საათიდან შევიკრიბოთ ეროვნულ და წმინდა, ანტირუსულ ადგილზე, პარლამენტის წინ!