შსს-მ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება.

ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

„ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული, ერთმანეთზე აწყობილი და დაქვემდებარებული“,- განაცხადა ვასაძემ.

banner
წინა სტატიაშიშავლეგო ტაბატაძე გერმანიაში თავდაცვის ატაშედ ინიშნება
შემდეგი სტატიაეს არის კლანური დაპირისპირება, სადაც სერგეენკო როგორც მთავრობის წევრი დამარცხდა – ბექა ნაცვლიშვილი