შსს-მ ბავშვებს ლისის ტბაზე უმასპინძლა

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო უსაფრთხოების სოციალური კამპანიის –
#მეტისიცოცხლისთვის ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს,
მოზარდებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უმასპინძლა და მათთვის
სხვადასხვა სახალისო აქტივობა დაგეგმა.

ღონისძიების მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე ბავშვების
ცნობიერების ამაღლება.

სამინისტროს ორგანიზებით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11:00
საათიდან დაიწყო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. დაწყებითი კლასის
მოსწავლეებს, მათ მშობლებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლო
ღონისძიებაზე დასწრება.

1 ივნისს ლისის ტბაზე ასულ მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ,
დაეთვალიერებინათ იმიტირებული ქალაქი, სადაც წარმოდგენილი იყო შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კონსტრუქციები და გაიცემოდა
საბავშვო მართვის მოწმობები. ასევე, მოზარდები გაეცნენ “112”-ის მობილური
აპლიკაციის ინსტალაციას, სადაც ოპერატორებმა მათ აპლიკაციის გამოყენების
წესები განუმარტეს.

გარდა ამისა, ლისის ტბის მიმდებარედ წარმოდგენილი იყო სამინისტროს სხვა
დანაყოფების თემატური სივრცეები: “112”-ის შენობის მაკეტი, დაცვის პოლიციის
საბავშვო ინსტალაციები. ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი ბავშვებს ქიმიური შოუ
წარუდგინეს.

საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით, მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ,
მონაწილეობა მიეღოთ სტრატეგიულ თამაშში, რომლის გამარჯვებულებიც სიმბოლური
საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიება საბავშვო
სტუდიის კონცერტით დასრულდა.

banner
წინა სტატიაშისომხეთში პაშინიანის წინააღმდეგ აქციაზე 30-მდე პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პატრიოტების შეკრება დავით გარეჯში 8000-ზე მეტი კაცი მონაწილეობდა აქციაში