შსს კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გაჩიანის სასაფლაოზე დამალული ნარკოტიკის მოსაძებნად ერთ-ერთი პარლამენტარიც იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გაჩიანის სასაფლაოზე დამალული ნარკოტიკის მოსაძებნად რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი პარლამენტარიც იმყოფებოდა.

როგორც ჟურნალისტებს შსს-ში განუცხადეს, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გაჩიანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლო 5 დღის განმავლობაში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 6 პირი დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, გაჩიანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის შესაძლო ფაქტების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, ბოლო 10 დღეა პატრულირებენ. სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში პატრულირებას განაგრძობენ და შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ყველა შესაძლო ფაქტი ოპერატიულად იქნება აღკვეთილი“, – განაცხადეს შსს-ში.

banner
წინა სტატიაშილისი დეველოპმენტმა თიბისი კაპიტალის დახმარებით 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საჯარო ობლიგაციების ემისია განახორციელა
შემდეგი სტატიარუსეთი საქართველოს მორიგ ბრალდებას უყენებს