გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს, კონტრ-ადმირალ ჯორჯო ლაციოს შეხვდა.

შეხვედრაზე ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და სამომავლო, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს. კონტრ-ადმირალმა ქართულ მხარეს ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაცია „აქტიურ ძალისხმევაში“ გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში.

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროს, კონტრ-ადმირალ ჯორჯო ლაციოსთან შეხვედრაზე განაცხადა: „საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. მონაწილეობს ნატოს, ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო მისიებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს გაერთიანებულ საზღვაო სარდლობასთან კონტრ-ტერორისტული ოპერაციის – „აქტიური ძალისხმევის“ – მხარდასაჭერად. ოპერაციის მიზანია ხმელთაშუა ზღვისა და მისი მიმდებარე სრუტეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გამოვხატავთ მზაობას, გავაღრმავოთ არსებული თანამშრომლობა და, რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, გავზარდოთ სანაპირო დაცვის ჩართულობა როგორც ოპერაცია „აქტიური ძალისხმევის ფარგლებში, ასევე ნატოს–ს საზღვაო წვრთნებში მონაწილეობის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საპორტო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი სწავლებები და საჩვენებელი წვრთნები ხელს შეუწყობს ნატოს საზღვაო ძალებთან საქართველოს სანაპირო დაცვის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას“.

ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსმა შს მინისტრს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საპორტო ვიზიტით მყოფი ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) დაათვალიერებინა და საფლაგმანო ხომალდზე „ჰასან ფაშა“ უმასპინძლა.

SNMCMG2 ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 4 ხომალდითაა დაკომპლექტებული. ნატოს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დაჰყოფენ და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაში“თუ ჰააგის ტრიბუნა იტყვის, რომ საქართველოში ეთნიკური წმენდა მოხდა, ეს კონფლიქტის მოგვარებისთვის სასარგებლო იქნება”
შემდეგი სტატიაკერი რუსეთს და ასადს სირიაში შეჭრით დაემუქრა