შს მინისტრი: ჩვენ გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სამაშველო ღონისძიებებს პირადად გაეცნო.

ვახტანგ გომელაურმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, სადაც განაცხადა, რომ პოლიცია, მაშველები და მუნიციპალური სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა ადამიანები უსაფრთხოდ იქნენ ნანგრევებიდან ამოყვანილი.

„რამდენიმე სადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, ჩვენ გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით ხუთი სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის ორი ადამიანი, ისინი ცოცხლები არიან და ტელეფონით გვესაუბრებიან. სამაშველო ღონისძიებაში ასობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის რომ ბევრი ადამიანი ავიდეს, 100 და 200 მაშველი ავიდეს ერთდროულად, თუმცა ერთმანეთს ვცვლით, ტექნიკაა ჩართული. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინსიტროს დანაყოფები, ადგილობრივი ხელისუფლების მერია, მუნიციპალური სამსახურები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, თუმცა სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის ამ შემთხვევაში, შეიძლება უფრო დავაშავოთ და უფრო ცუდი მოხდეს. ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ ჩვენი მაშველები, რომ ნანგრევებიდან ცოცხალი ვინც არის, ის ადამიანები გამოვიყვანოთ“, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაში12 კილოზე მეტი აქვს დაკლებული – ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაThe Hill – ავღანეთიდან გასვლის შემდეგ აშშ-მა დასავლეთის ალიანსების ერთგულ სახელმწიფოებთან, მათ შორის, საქართველოსთან უნდა იმუშაოს