შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი – ორთაჭალაში უბედური შემთხვევის მიზეზი რამდენიმე კრიტიკული შეუსაბამობა გახდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 17, 2019 16:02

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი – ორთაჭალაში უბედური შემთხვევის მიზეზი რამდენიმე კრიტიკული შეუსაბამობა გახდა

ორთაჭალაში, მშენებლობაზე უბედური შემთხვევის მიზეზი რამდენიმე კრიტიკული შეუსაბამობა გახდა, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

ფერაძის თქმით, ორთაჭალაში მდებარე სამშენებლო ობიექტის შესწავლა, საიდანაც სამი ადამიანი ჩამოვარდა, გუშინ დაიწყეს. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მხრიდან დარღვეული იყო სამუშაო აღჭურვილობის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის გამოყენების წესები, არ ხდებოდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ადეკვატური რეაგირება, არ იყო დანერგილი მონიტორინგისა და შეფასების კონტროლის სისტემები, რაც კომპლექსურად, უბედური შემთხვევის საფუძველი გახდა.

„შრომის ინსპექციის დეპარტამენტმა მოახდინა მყისიერი რეაგირება. ჩვენ გუშინვე დავიწყეთ ობიექტის შესწავლა და დღის განმავლობაში განხორციელებული ინსპექტირების პროცესში აღმოჩნდა რამდენიმე კრიტიკული შეუსაბამობა. მაგალითად, დარღვეული იყო სამუშაო აღჭურვილობის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის გამოყენების წესები, არ ხდებოდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ადეკვატური რეაგირება, არ იყო დანერგილი მონიტორინგისა და შეფასების კონტროლის ადეკვატური სისტემები მივიღეთ გადაწყვეტილება და გუშინვე შეჩერდა ობიექტი იქამდე, ვიდრე არ მოხდება სრულად აღმოფხვრა იმ დარღვევების, რომელიც უბედური შემთხვევის მოკვლევის პროცესში გამოვლინდა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

შრომის ინსპექციაში განმარტავენ, რომ ობიექტის სრულად შესწავლა გრძელდება და მონიტორინგის დასრულების შემდეგ სამშენებლო კომპანიას შესაძლოა, ფულადი სანქციაც დაეკისროს.

„როცა ინსპექტირების პროცესს განვახორციელებთ მთლიანად ობიექტზე, ფულადი სანქცია უკვე ამაზე იქნება დამოკიდებული. გარდა ამისა, ჩვენ მომდევნო კვირაში ვაგრძელებთ ობიექტის სრულად შესწავლას და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის საწინააღმდეგოდ, ანუ ნებისმიერი დარღვევა იქნება მკაცრად გაკონტროლებული და განხორციელდება ადეკვატური რეაგირება. ჩვენი მხრიდან კომპანიას განესაზღვრა „დაუყოვნებლივ გამოსწორება“, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ვადა მითითებული არ არის. ეს თავად კომპანიის ინტერესია, რომ რაც უფრო სწრაფად მოახდენს დარღვევების გამოსწორებას, უფრო მალე აღადგენს მუშაობას”, – განმარტა შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა.

შრომის ინსპექციაში ამბობენ, რომ კომპანია „ემ.ჯი ალიანსის“ სამშენებლო ობიექტი აქამდე შესწავლილი არ ყოფილა, ამის მიზეზი კი ისაა, რომ შრომის უსაფრთხოების კანონი მიმდინარე წლის მარტის თვიდან შევიდა ძალაში, ახალი რედაქცია კი თებერვლის თვიდან ამოქმედდა, შესაბამისად შრომის ინსპექციას არ ჰქონდა იმის მანდატი, რომ კომპანია შეემოწმებინა.

თბილისში, ორთაჭალაში მდებარე მშენებლობიდან სამი მუშა გუშინ გადმოვარდა. აქედან ერთი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებულის, 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში რჩება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 17, 2019 16:02

Google სტატისტიკა


5,794
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics