შიდა ქართლში ქარის პირველი ელექტროსადგური ამუშავდა

შიდა ქართლში ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი“ ამუშავდა.

ელექტროსადგურის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილი დაესწრნენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იმ ვითარებაში, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის გარემოს დაბინძურების პრობლემას, საქართველოში ალტერნატიული ენერგიის წყაროს ამუშავება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. განსაკუთრებული მადლობა კახი კალაძეს, რომელმაც წამოიწყო ეს პროექტი და რეალობად აქცია. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო და განხორციელდა ეს პროექტი, დიდი მადლობა ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებს, პროცესში მონაწილე თითოეულ ადამიანს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ამ პროექტში, ასევე კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს უპრეცედენტოდ მოკლე დროში. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების ქარის ელექტროსადგური, რომელიც ფუნქციონირებს ალტერნატიული ენერგიის წყაროს გამოყენებით. თავისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეს ელექტროსადგური მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომლის ღირებულებაც 34 მილიონ დოლარს შეადგენს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ახალი ელექტროსადგური საშუალებას იძლევა, ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიის ხარჯზე დაკმაყოფილდეს.

„რაც მთავარია, ეს არის როგორც ეკონომიური, ისე ეკოლოგიური და უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის. საქართველოს აქვს ისეთი ალტერნატიული ენერგიის რესურსი, როგორიც არის ქარის და მზის ენერგია. მჯერა, რომ ამ რესურსების სათანადოდ ათვისება ძალიან მნიშვნელოვან დამატებით სიმძლავრეებს შესძენს ჩვენი ქვეყნის ენერგოსექტორს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ხდება ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი. ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ მაქსიმალურად ვნერგავთ ყველა იმ სიახლეს, რომლითაც საქართველო იქცევა ჭეშმარიტად განვითარებულ ტექნოლოგიების ქვეყნად. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობა ყველას, ვინც ეს პროექტი რეალობად აქცია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ვაცადოთ საკონსტუტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, თავად გადაწყვიტონ საკუთარი თავმჯდომარის ბედი
შემდეგი სტატიასაქართველოში გაერო-ს ელჩი მიიჩნევს, ბოლო დღეების მოვლენებმა წინასაარჩევნო გარემოს სურათი შეცვალა