შალვა პაპუაშვილი – თამბაქოსთან დაკავშირებით 5 წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკა ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომლითაც ნამდვილად შეუძლია ჩვენს ხელისუფლებას იამაყოს

„ამ დღეს ხაზგასასმელია თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებზე მორგებული პოლიტიკა ჰქონდეს სახელმწიფოს და ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ის მიმართულება, რომლითაც ნამდვილად შეუძლია ჩვენს ხელისუფლებას, რომ იამაყოს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ზოგადად, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, თამბაქოსთან დაკავშირებით კი – 5 წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკით თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ მოხდა ფუნდამენტური ცვლილებები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე.

საქართველოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თამბაქოს კონტროლის რეფორმის ერთ-ერთი მიმართულებაა თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა, რაც ერთი მხრივ, თავად მომხმარებლების და მეორე მხრივ, პასიურ მწეველებზე მავნე ზეგავლენისგან დაცვის საშუალებაა.

„კვლევები აჩვენებს, თუ რამდენად დიდია მოსახლეობის მხარდაჭერა ამ პოლიტიკის მიმართ და ამას ჩვენც თვალნათლივ ვხედავთ. მნიშვნელოვანია ქცევის და კულტურის ცვლილებაც, რაც, რა თქმა უნდა, თავისთავად არ მოხდა. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად დაემთხვა ერთმანეთს სახელმწიფო პოლიტიკა და საზოგადოების განწყობა და სწორედ, ამ შემთხვევებში არის შესაძლებელი, რომ წარმატებით იქნას დანერგილი ესა თუ ის პოლიტიკა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ბევრი შეზღუდვაა რეკლამირების კუთხით, მაგრამ არის დაგეგმილი ნაბიჯები, მათ შორის, 2024 წელს ძალაში შესასვლელი რეგულაციები, რომელიც კიდევ უფრო შეზღუდავს თამბაქოს პროდუქტის რეკლამირებას. აქედან გამომდინარე, შეზღუდავს მათ შორის თამბაქოს მოხმარებას. ამიტომ, მინდა ჯანდაცვის კომიტეტს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ საკანონმდებლო პოლიტიკის მხრივ ყოველთვის მზად არის, რომ დაბალანსებულად ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო საკმაოდ წარმატებული მაგალითია, არა მხოლოდ რეგულაციების ცვლილების, შეზღუდვის და მოწესრიგების კუთხით, არამედ კულტურის და დამოკიდებულების ცვლილების თვალსაზრისით, თამბაქოს პროდუქტის მიმართ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძის განცხადებით, 2017 წლის 31 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი, რომლითაც ჩვენს სახელმწიფოში შეიზღუდა თამბაქოს მოხმარება და დაწესდა სრულიად ახალი წესები, რასაც ბევრი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსი, საზოგადოების ნაწილი ძალიან სკეპტიკურად უყურებდა.

„ზუსტად, „ქართული ოცნების“ გუნდმა, საკანონმდებლო აქტის მიღებიდან 5 წელიწადში, მართლაც შეუძლებელი შეძლო. ჩვენი მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ამ კანონის მიღებას, ისევე როგორც, 90%-ზე მეტად არის დასუფთავებული ჰაერი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. 2016 წლიდან 2020 წლამდე თამბაქოს მოხმარება საქართველოში 31%-დან 28 % – მდე შემცირდა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, თამბაქოს კოლოფების დასურათება და მისი პიქტოგრამებით აღჭურვა, კიდე ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ ნაკლებად მიმზიდველი უნდა გახდეს ახალგაზრდა თაობისათვის თამბაქოს შეძენა, მისი მოხმარება, თუნდაც შემდგომი რეალიზაცია.

„ამ კანონის აღსრულება, როგორც საქართველოში ხდება, ალბათ ბევრი ევროკავშირის ქვეყნისთვის მისაბაძიც კი არის. უნდა აღინიშნოს, თუ როგორ მოვახდინეთ ჩვენი საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების ქცევის ტრანსფორმაცია. დიახ, ჩვენს ეს შევძელით“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ღონისძიების მონაწილეებს, სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა გაუდენ გალეამ და ჯანმრთელობის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ.

მიღებას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის გზავნილები მე და ქართულმა ოპოზიციამ რომ არც შევაფასოთ, საკმარისია, გადავხედოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს – სამნიძე
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მუმლაძეს 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა