პრემიერის გზავნილები მე და ქართულმა ოპოზიციამ რომ არც შევაფასოთ, საკმარისია, გადავხედოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს – სამნიძე

ჩვენი ქვეყნის პარტნიორები და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები ბრატისლავაში პრემიერის გამოსვლას კრემლისა და პუტინისტურ გზავნილებად აფასებენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომლებიც მან ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა, „საქართველოს ევროპული მომავლისთვის სამარცხვინო და სახიფათოა.

„პრემიერის გზავნილები მე და ქართულმა ოპოზიციამ რომ არც შევაფასოთ, საკმარისია, გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, მაღალი თანამდებობის პირებს, მეგობრებს და პარტნიორებს, ქვეყნის პრემიერის განცხადებებს როგორ აფასებენ. პირდაპირ საუბრობენ, რომ ეს კრემლისა და პუტინისტური გზავნილებია. ჩვენი ევროპული მომავლისთვის ეს სამარცხვინოსთან ერთად, ძალიან სახიფათოა“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამასთან, როგორც სამნიძემ განაცხადა, პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა ევროპარლამენტის წინაშე ძალიან მნიშვნელოვანია.

ის იმედოვნებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე, პრეზიდენტი მედიის თავისუფლების საკითხს გადახედავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

“ძალიან რთულ პერიოდში, ომის დაწყებიდან ძალიან მალე “ქართული ოცნება” დაიმალა და სამწუხაროდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ძალიან მხდალ განცხადებებს აკეთებდა. პრეზიდენტი იყო ერთადერთი მაღალი თანამდებობების პოლიტიკური პირი, რომელიც ძალიან ხმამაღალი იყო ჩვენს ევროპულ არჩევანზე და უკრაინის მხარდაჭერაზე. მისი გამოსვლა და ვიზიტი მნიშვნელოვანია. რაც შეეხება, მისი უფლებამოსილების გამოყენებას, ჯერ კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ სტატუსის მოპოვების ამ რთულ გზაზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რასაც მედიის თავისუფლება ჰქვია, მის მიერ იქნება გადახედილი და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს მისი გადაწყვეტილებაა და არ მგონია საყვედურებით ჩვენ რაიმე გავაუმჯობესოთ”,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე მოლდოვაში გაემგზავრა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – თამბაქოსთან დაკავშირებით 5 წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკა ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომლითაც ნამდვილად შეუძლია ჩვენს ხელისუფლებას იამაყოს