შალვა ნათელაშვილი: სიის შედგენა, ერთ პარტიაშიც კი, ნგრევისა და დაპირისპირების საფუძველია

ისტორიულად, სიის შედგენა, ერთ პარტიაშიც კი, ნგრევისა და დაპირისპირების საფუძველია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ერთიანი საარჩევნო სიის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ამ სურვილს კეთილშობილური მოსაზრებები უდევს საფუძვლად, მაგრამ პირველად საქართველოს ისტორიაში, პოლიტიკურმა სპექტრმა მოახერხა გაერთიანება იდეის, მიზნის და არა სიის გარშემო. შედეგები გრანდიოზულია, გადავანგრიეთ მაჟორიტარული მძარცველური სისტემა პოლიტიკურ იერარქიაში. განთავისუფლებულია პოლიტპატიმართა დიდი უმრავლესობა და ამავდროულად, ვემზადებით მრავალპარტიული მთავრობის შესაქმნელად, რაც გამორიცხავს ერთპარტიულ მმართველობასა და კერპების წარმოშობას. საერთო სია შექმნილ ვითარებაში იქნება ჩასაძირად გამზადებული „ტიტანიკი“, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა, რათა მან კვლავ ორ პოლუსად დაყოს პოლიტიკური სივრცე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს მიზანი ოლიგარქმა ვერ შეასრულოს. იმედია, მთელი პოლიტიკური სპექტრი ასეა განწყობილი და ამ განცხადების ავტორიც შეცვლის თავის პოზიციას შექმნილი ვითარების ღრმა ანალიზის შემდეგ. ისტორიულად, სიის შედგენა, ერთ პარტიაშიც კი, ნგრევისა და დაპირისპირების საფუძველია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს გუშინ ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია საქართველოს ისტორიის დამახინჯების მორიგ მცდელობას ეხმიანება
შემდეგი სტატია“გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ…” – გიორგი მასხულია პრემიერის ცოლის ჩაცმულობაზე