ჯემალ გამახარია საქართველოს ისტორიის დამახინჯების მორიგ მცდელობას ეხმიანება

ამ დღეებში საქართველოს და მისი ისტორიის წინააღმდეგ მიმართული მორიგი სიცრუის მოწმენი გავხდით; პეტერბურგში გამოიცა წიგნი „აფხაზეთი და იტალიური ქალაქ–სახელმწიფოები XIII-XIV საუკუნეებში, ნარკვევები ურთიერთობებზე“. მისი ავტორია, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ფილოლოგი ვიაჩესლავ ჩირიკბა. წიგნი გასაყიდად ჯერ არ არის გამოტანილი, მაგრამ მის შინაარსზე ავტორი აფხაზური საინფორმაციო პორტალის მეშვეობით იუწყება – https://abaza.org/abkhaziya-i-italyanskie-goroda-gosudarstva-novaya-kniga-abkhazskogo-uchenogo-chirikba
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ჯემალ გამახარია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმპერიალისტებისა და სეპარატისტების, მათი დამქაშების მთავარი იარაღი ყოველთვის სიცრუე და ძალადობა იყო და დღესაც ასე გრძელდება.
„წიგნი–სიყალბე“ უწოდა ჩირიკბას „ნამოღვაწარს“ ჯემალ გამახარიამ.
მისი თქმით, „ნებისმიერი ისტორიკოსი, რომელსაც ჰქონია შეხება მსგავს თემასთან, განსაკუთრებით, სეპარატისტ–ფალსიფიკატორთა „მეცნიერულ“ მეთოდებთან, ვ.ჩირიკბას „წიგნის“ წაკითხვის გარეშეც შეძლებს გადმოსცეს მისი ძირითადი შინაარსი და იმავდროულად მამხილებელი რეცენზიაც დაწეროს მასზე; თუმცა კოლეგა–ისტორიკოსებს ვურჩევ, დაითმინონ ბუნებრივი რეაქცია, ამ, წინასწარ და თამამად შეიძლება ითქვას, სასაცილო წიგნის შეძენამდე. მანამდე კი გულწრფელი მადლობით შემოვიფარგლოთ ბატონი ჩირიკბასადმი. მისი „შრომა“ საშუალებას გვაძლევს, კიდევ ერთხელ ცხადად და დამაჯერებლად ვუჩვენოთ მთელს მსოფლიოს, მათ შორის, თავად იტალიელებს, ოკუპანტების და სეპარატისტების ნამდვილი სახე, ყველაზე უხეში ფორმით რომ ახდენენ აფხაზეთის ტერიტორიის ისტორიის ფალსიფიკაციას და ამით მსოფლიო თანამეგობრობის მოტყუებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, ვ.ჩირიკბამ კარგად იცის, თუ რომელი სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა ქალაქი სოხუმი–ცხუმი XIII-XIV საუკუნეებში(„წიგნში“ მითითებულ საუკუნეებამდეც და შემდგომაც), როგორი იყო ქალაქის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, ვისთან ურთიერთობდნენ ვენეციელები, შემდგომ გენუელები სოხუმში მათი ფაქტორიების არსებობის პერიოდში – აფსუა//აფხაზებთან თუ ქართველ//მეგრელებთან? დასმულ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხები მოიპოვება უამრავ ქართულ და უცხოურ წყაროებში, მათ შორის გენუელების დოკუმენტებში, ასევე 1330 წლით დათარიღებულ წერილში, რომელიც სოხუმის კათოლიკე ეპისკოპოსს ეკუთვნის.
დიახ, ამ ყველაფერზე შეუძლებელია ჩირიკბამ არ იცოდეს, მაგრამ ის ცრუობს – ცრუობს შეგნებულად, რათა უსინდისოდ ატყუოს უპირველესად და უმთავრესად საკუთარი ხალხი!“ ვ.ჩირიკბას ე.წ. წიგნი მსოფლიო საზოგადოების წინაშე მხილებული იქნება, როგორც საქართველოს ისტორიის დამახინჯებისა და მისაკუთრების მორიგი უბადრუკი მცდელობა!“–აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

banner
წინა სტატიაშითბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: სიის შედგენა, ერთ პარტიაშიც კი, ნგრევისა და დაპირისპირების საფუძველია