შალვა ნათელაშვილი: მანდატების შენარჩუნების მიუხედავად, ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტის გადაწყვეტილება საკუთარი ტყავის, ქონების და სტატუსის გადასარჩენად მიიღო, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მათთვის მანდატების შენარჩუნების მიუხედავად, ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას.

„პარლამენტი ერთპარტიულია, იქ ოპოზიცია არ შევა, ახალი არჩევნების დანიშვნა გარდაუვალია, სახალხო პარლამენტები წინ გველოდება. ეს „ქოცები“ თავიანთ სისულელეებსა და დანაშაულებრივ ქმედებებში რაც უფრო მაღალ საფეხურებზე აიწევენ, უფრო მწარე იქნება დაცემის დროს გამოწვეული ტკივილი. ოლიგარქის რეჟიმმა არჩევნები გააყალბა, გამოიყენა ზეწოლის, ძალადობის, მოსყიდვის, ფალსიფიცირების, სახელმწიფო რესურსის ჩართვის კაცობრიობის ისტორიაში არნახული პრეცედენტები. ოპოზიცია, რომელიც მოქმედებს ხალხის ინტერესებით, არ გაურიგდება არავის, ის კვლავ არ აპირებს პარლამენტში შესვლას სანამ არ გამოცხადდება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი. მათ ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღეს საკუთარი ტყავის, ქონების და სტატუსის გადასარჩენად“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ 20-მდე ოპოზიციონერს პარლამენტში შესვლა სურს, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ამის სურვილი გაცილებით მეტს აქვს, თუმცა გაყალბებულმა არჩევნებმა ამის საშუალება არ მისცათ.

„რაც შეეხება ბატონ კობახიძეს, ქალბატონ პრეზიდენტს და სხვა მრჩევლებს, რომლებსაც ახლა გაახსენდათ, რომ პარლამენტი უნდა იყოს მრავალპარტიული, დემოკრატიული, პლურალისტური, ეს უნდა ეთქვათ არჩევნების წინ, არ უნდა დაეშვათ კენჭისყრის გაყალბება დ არ დასჭირდებოდათ ნიანგის ცრემლების ღვრა საკუთარი ტყავის გადასარჩენად. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, რომ 20 დეპუტატს უნდა შესვლა, 20-ს კი არ უნდა, 54-ს უნდა, 100-ს უნდა, 200-ს უნდა და ათასს უნდა, მაგრამ გაყალბებულმა არჩევნებმა ხალხის რჩეულებს პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცა.

ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ საშუალება რომ მისცე, იმაზე უარეს რეპრესიებს გაატარებენ, ვიდრე ამას ვლადიმერ ლენინი ახორციელებდა ბოლშევიკურ რუსეთში. საბოტაჟი, რასაც იმეორებს „ქოცების“ ხელმძღვანელობა, ვლადიმერ ლენინის მემკვიდრეობაა. საშუალება რომ მისცე, წაგვიყვანდენ გადასახლებაში და დაგვხვრეტდნენ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.