შალვა ხუციშვილი: შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე

შს მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ წინასწარ შედგენილი გრაფიკით თანამშრომლებს თავისუფლად მიეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

“მინისტრის ბრძანებით, შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რათა, არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ყველა ჩვენი რესურსი იყოს სათანადოდ მობილიზებული. ეს ბრძანება ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის და დაინტერესებული პირისთვის. ამ ბრძანებაშივეა მითითებული, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ დატოვონ თავიანთი სამუშაო ადგილები და ყველა ხელმძღვანელი გაფრთხილებულია, რომ წინასწარ შედგენილი გრაფიკით თანამშრომლებს თავისუფლად მისცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შსს-ს ყველა თანამშრომელი თავისუფალია თავის არჩევანში და ვინც რა უნდა თქვას, პოლიცია დღეისთვის არის დეპოლიტიზებული და ჩვენ ამ სტანდარტს ძალიან ვუფრთხილდებით”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

როგორც შსს-ში განმარტავენ, სამინისტროს განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის წინაპირობები გათვალისწინებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება „სამინისტროს მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის შესახებ“. სამინისტროს განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის წინაპირობები გათვალისწინებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლითაც დადგენილია მინისტრის უფლებამოსილება განსაკუთრებულ შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით გამოაცხადოს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმი ხელს არ უშლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებაში”, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშირუსეთი გაანადგურებს ყველა საჰაერო საფრთხეს, რომელიც ასადის არმიას დაემუქრება
შემდეგი სტატიასუს-ში „თავისუფალი ზონის“ კიდევ ერთი წევრის დაკითხვა მიმდინარეობს