სერიოზული კითხვები მაქვს ამ ჩანაწერის მოპოვებასთან და მისი შინაარსის ავთენტურობასთან დაკავშირებით – ბესელია

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს, “ქართული ოცნების” ლიდერები ეხმაურებიან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერების დადგენას ითხოვს.

მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ ჩანაწერიდან მიღებულ ინფორმაციაზე მსჯელობამდე, აუცილებელია დადგინდეს როგორ მოხდა პირადი საუბრის ჩაწერა, მოპოვება, გავრცელება, ასევე დადგინდეს არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლზე, რომელიც პირადი კომუნიკაციის წესის დარღვევას, ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას, შენახვა – გავრცელებას ეხება და რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულია.

„ჩემთვის პირადად საინტერესო არის ამ საკითხის სამართლებრივი მხარე. პირველ რიგში, ვიდრე შინაარსთან დაკავშირებით გადავალ და მე ასეთი მიდგომა მაქვს ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის მოპოვება, შენახვა და გავრცელება მიმაჩნია, კანონით უნდა გადამოწმდეს, ეს არის კანონის მოთხოვნა. სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულს განეკუთვნება, სხვათა შორის სისხლის სამართლის დანაშაულს, უნდა გადამოწმდეს ავთენტურობა.

გამოძიება რომ დაიწყო ეს არის საჭირო და დროული, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია რა ინფორმაციას დადებს გამოძიება. არის თუ არა ეს კანონიერი და ავთენტური.

ერთი – არის თუ არა ეს კანონიერად მოპოვებული, თუმცა მეეჭვება, რომ ეს იყოს კანონიერად მოპოვებული თუნდაც იმიტომ, რომ პარლამენტის წევრი, რომელიც ადასტურებს ამ შეხვედრას, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ არ შეიძლება ფარული ჩაწერა მიმდინარეობდეს. ამიტომ კანონიერების თვალსაზრისით ძალიან სერიოზული კითხვები მაქვს. ასევე სერიოზული კითხვები მაქვს ამ ჩანაწერის მოპოვებასთან დაკავშირებით და მისი შინაარსის ავთენტურობა რომ დადასტურდეს.

იმისთვის, რომ რაიმე ღირებულება ჰქონდეს სამართლებრივი და შინაარსზე იმსჯელო, ამაზე გავაკეთოთ კომენტარები, აუცილებელია ვიცოდეთ ავთენტურია თუ არა და კანონიერია თუ არა ეს ჩანაწერი.

თუ ეს დადასტურდება ამის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ შინაარსზე და დავსვათ ყველა კითხვა და გავარკვიოთ ყველა საკითხი. იქამდე მე მგონია, რომ არის არა მარტო არასერიოზული, არა მარტო ძალიან სახიფათო ასეთი მიდგომები, არამედ მგონია, რომ ეს ააშკარავებს ვიღაცის განზრახვას, რომ იქამდე ვიდრე კანონიერება და ავთენტურობა გარკვეული არ გვაქვს და უკვე შემაჯამებელი კეთდება, განსაკუთრებით თქვენი დირექტორის მხრიდან, ეს უკვე არის ის სურათი, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიაპროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა