სავჩენკომ პუტინს თხოვნით მიმართა

უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა -წერს უკრაინული მედია. სავჩენკო მზად არის საკუთარი თავი გაცვალოს უკრაინელ ტყვეებზე. “მე მას ვთხოვე ყველა უკრაინელი გაეშვა. თუკი ამის ფასი ჩემი გაცვლაა – თანახმა ვარ. ჩემთვის რუსეთში თავისუფალი ცხოვრება რომ შემოეთავაზებინათ – ეს ნამდვილად სიკვდილის ტოლი იქნებოდა. თანახმა ვარ გადაცვლაზე, მოვიხადო ჩემი 22 წელი რუსეთში, თუკი საპასუხოდ ყველა უკრაინელ ტყვეს გამოუშვებენ” – განაცხადა სავჩენკომ.
ადრე დეპუტატმა ახლანდელ მთავრობას ბრალი მეიდანზე დემონსტრანტების დახვრეტაში დასდო.

დღეს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ნადეჟდა სავჩენკოს პარლამენტში ტერაქტის მომზადებაში დასდო ბრალი და წინადადება წამოაყენა, რომ მას ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნან.

“გამოძიებას იმის უეჭველი დამამტკიცებელი მასალები აქვს, რომ ნადეჟდა სავჩენკო, უკრაინის სახალხო დეპუტატი პირადად გეგმევდა, პირადად იბირებდა, პირადად აძლევდა დავალებებს, თუ როგორ უნდა განეხორციელებინათ, აქ, ამ დარბაზში ტერორისტული აქტი” – 15 მარტს ლუცენკომ რადაში სიტყვით გამოსვლისას თქვა. მისი ვერსიით, სავჩენკოს მიზანი იყო ორი ლოჟა ხელყუმბარებით აეფეთქებინათ, ხოლო ის, ვინც გადარჩებოდა, ავტომატებით დაეხოცათ.

16 მარტს გენპროკურორი სავჩენკოს დაკავებას მოითხოვს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ სავჩენკო უმაღლესმა რადამ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტიდან გარიცხა.
თავის მხრივ, სავჩენკომ თქვა, რომ უკანასკნელ პერიოდში მხოლოდ ზარმაცს არ უფიქრია უმაღლესი რადას, ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის აფეთქება.
დღეს სავჩენკო უშიშროების სამსახურის ოფისში დაკითხვაზე გამოცხადდა, ის ვლადიმირ რუბანის საქმეზეა გამოძახებული, რომელსაც უკრაინის სპეცსამსახურები კიევში ტერაქტების მოწყობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

“მთავრობაზე თავდასხმა და ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა – ეს კარგი ბრალდებაა, კარგია იმიტომ, რომ მე უკრაინის სამხედრო ძალების ოფიცერი ვარ. როგორც ოფიცერმა, მე უკრაინელ ხალხს ფიცი მივეცი, რომ დავიცავდი უკრაინის მიწას, მაგრამ არა უკრაინის ხელისუფლებას. მე უკრაინის მთავრობას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებებში ვდებ ბრალს” – 15 მარტს თქვა ნადეჟდა სავჩენკომ ლუცენკოს ბრალდების პასუხად.

banner
წინა სტატიაშიაღმოსავლეთ გუტადან ხალხი მასობრივად გადის (ფოტო)
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი – როგორც ჩანს, სკრიპალის მოწამვლის უკან რუსები დგანან