“საუბარი ნამდვილად იყო, ამას ვადასტურებ” – ბურჭულაძე გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერზე

ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თუმცა საგამოძიებო ორგანოდან ბურჭულაძესა და გვარამიას ამდრომდე არავინ დაჰკავშირებია.

აღნიშნულ საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა პაატა ბურჭულაძემ. მისი განცხადებით, მათ შორის საუბარი ნამდვილად შედგა, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა საუბრიდან ძირითადი თემები ამოჭრეს:

„შევეგუე იმას, რომ მისმენენე, ეს დიდი ხნის უკან გამოვაცხადე, უბრალოდ მისმენენ კი არა, ჩვენზე მოქმედებენ, ჩვენზე ზეწოლა ხორციელდება, რაც კი შეიძლება მოხდეს ვინმეზე, ყველაფერი ხდება ჩვენს პარტიაზე. მაგრამ არაუშავს გავუძლებთ, რაც მეტია ზეწოლა, მით მეტია წინააღმდეგობა, ჩვენ წინააღმდეგობას გავაძლიერებთ.

ეს მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის, ამიტომაც მე არ ვერიდებოდი. საუბარი ნამდვილად იყო, ამას ვადასტურებ, ის რომ ამოჭრილია, მე ვაცხადებდი, ბატონ ნიკას ვუთხარი, რომ მე არ ვარ არც „ქართული ოცნების“, არც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, მე ვარ ხალხის წარმომადგენელი, ზუსტად ამიტომ მოვედი პოლიტიკაში. მე რომ სურვილი მქონოდა რომელიმე მხარეს ყოფნის, ვინ დამიშლიდა? დავუდგებოდი გვერდში.

მე ვფიქრობ, რომ ძალიან აინტერესებთ ეს პოლიტიკური პარტია, რადგან ნამდვილად ფიქრობენ, რომ მოვალთ ხელისუფლებაში. აუცილებლად მოვალთ, სხვა გზა არ აქვს ქართველ ხალხს, აუცილებლად უნდა მოვიდეთ, სხვანაირად არ ეშველება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „კურიერთან“ საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: სასწავლო პროცესის დაწყებას ისე ვხვდებით, პირველ კლასში დაბრუნება მოგინდებათ
შემდეგი სტატია“ვიღვაწებ, როგორც მოქალაქე, რომ ხელისუფლებამ მთაში სწრაფად მოაგვაროს გზების, გაზის, ელექტროფიცირების პრობლემა”