სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი – არავითარი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალი უზრუნველყოფილი იყოს დასვენებით

არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალი უზრნველყოფილი იყოს დასვენებით, ყოველ წუთში გამოძახებებია, – ამის შესახებ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლის ადვოკატმა ვახტანგ თალაკვაძემ “თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” ჟურნალისტებს განაცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უნდა წარუდგინონ.

“იქ ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც გასარკვევია. მაგალითად ის, რომ 27 გამოძახება ჰქონდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღნიშნულ პერსონალს მძღოლთან ერთად. არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ ეს მედპერსონალი უზრნველყოფილი იყოს დასვენებით. ყოველ წუთში გამოძახებებია. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა, რომ მძღოლს ჩაეძინა. ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა, შეიძლება სულაც არ ჩაძინებოდა და გადაღლილობისგან ადამიანი გაითიშოს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი. “რომ წარადგენენ ბრალდებას, უნდა წავიკითხო, რაში სდებენ ბრალს, რა გააკეთა. მოძრაობის წესები რომ დარღვეულია, გასაგებია, მაგრამ რა მიზეზით განხორციელდა, არ მგონია გამოძიებას დადგენილი ჰქონდეს. აქ მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშისააფთიაქო ქსელი „ჯიპისი“ მოსახლეობის აცრისთვის 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს
შემდეგი სტატიაგელოვანის გამზირზე ავარიის შედეგად 30-წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა