სასამართლომ მადონას პირადი ნივთების დაბრუნების უფლება არ მისცა

მადონამ სასამართლოში ყოფილ დაქალთან და ასისტენტთან დარლინ ლუტცთან წააგო საქმე, რომელმაც მადონას პირადი ნივთები აუქციონზე გასაყიდად გაიტანა, მათ შორის, თუფაქ შაკურის სასიყვარულო წერილი, რომელიც მადონას მისწერა. მადონა რეპერს საიდუმლოდ ხვდებოდა. წერილი დათარიღებულია 1995 წლის 15 იანვრით – ამ პერიოდში თუფაქი ციხეში იჯდა და სასჯელს სექსუალური შევიწროვებისათვის იხდიდა. კიდევ წელიწადნახევარში, 1996 წლის სექტემბერში ის ლას-ვეგასში მოკლეს.

აუქციონი ივლისში გაიმართება. წერილის საწყისი ფასია 100 ათასი დოლარი. მადონას თქმით, მან არ იცოდა წერილი სად იყო მანამდე, სანამ ლუტცმა ის შარშან აუქციონზე არ გაიტანა. ემოციურ წერილში თუფაქი მომღერალს წერს, რომ აფროამერიკელთან ურთიერთობა, შესაძლებელია, მის კარიერას დაეხმაროს, მაგრამ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მას თეთრ ქალთან აქვს რომანი, მის იმიჯს შელახავს. “შავკანიან მამაკაცთან გამოჩენა შენს კარიერას არაფერს უზამს, პირიქით – უფრო საინტერესო და ღია გახდები, მაგრამ ჩემთვის, ყოველშემთხვევაში, ჩემი იმიჯისთვის ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მე ვუღალატე იმ ხალხს, რომელთა წყალობითაც გავხდი ის, ვინც ვარ. როგორც ამბობდი: მე ვერ გავხდი ისეთი მეგობარი, როგორიც შემეძლო ვყოფილიყავი” – წერს 23 წლის რეპერი. მადონასა და თუფაქს შორის ურთიერთობა რეპერის სიკვდილის შემდეგადაც საიდუმლოდ დარჩა, მადონამ მასზე მხოლოდ 2015 წელს ილაპარაკა.

მადონამ და ლუტცმა მეგობრული ურთიერთობები 2003 წელს შეწყვიტეს. მადონა სასამართლოში აპირებდა დაემტკიცებინა, რომ ლუტცმა მომღერლის ნივთები სახლიდან გადასვლისას მოიპარა. მოსამართლე ჯერალდ ლეიბოვიცმა კი გადაწყვიტა, რომ მადონამ თვითონ თქვა უარი ამ ნივთებზე და ყოფილ მეგობარს აჩუქა, რომლის შესახებაც 2004 წელს შესაბამისი ხელშეკრულებაც გაფორმდა. შესაბამისად, მადონამ საკუთარი ნივთების დაბრუნება ვერ შეძლო – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიესპანეთის ქალაქ პალმაში ტურისტებისთვის ბინის მიქირავება აკრძალეს
შემდეგი სტატიატრამპმა ირანის წინააღმდეგ მკაცრი კურსი დაადასტურა