სასამართლო პროცესზე მოწმისთვის შეტყობინების მიწერის გამო, მარიამ ჯიშკარიანი სხდომიდან გააძევეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმისთვის შეტყობინების მიწერის გამო, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სხდომიდან გააძევეს.

მოსამართლემ მარიამ ჯიშკრიანს რამდენჯერმე მიმართა, რომ მობილური ტელეფონი შეენახა.

„ქალბატონო მარიამ, ტელეფონი ხელს გიშლით და შეინახეთ“, – მიმართა მოსამართლე გიორგი არევაძემ ჯიშკარიანს, რის შემდეგაც მოწმეს, გალინა კამუშინას, რომელიც სხდომაზე იკითხება, ტელეფონის შენახვისკენ მოუწოდა. „ხომ მშვიდობაა, ტელეფონში ხშირ-ხშირად იყურებით. შეინახეთ. ქალბატონო გალინა, ბოლო მომენტში რა მოგწერათ მარიამ ჯიშკარიანმა“, – მიმართა მოსამართლემ მოწმეს.

ტელეფონის განმეორებით გამოყენების შემდეგ, მოსამართლემ მარიამ ჯიშკარიანს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ის არღვევდა წესრიგს.

„ქალბატონო მარიამ, გაძევებული ხართ სხდომის დარბაზიდან წესრიგის დარღვევის გამო და კიდევ იმის გამო, რომ სხვა ექსპერტს კარნახობთ, რა უპასუხოს მხარეების შეკითხვებს. ეს კიდევ უფრო ცუდი საქციელია, ვიდრე წესრიგის დარღვევა“, – მიმართა მოსამართლემ მარიამ ჯიშკარიანს.

ჯიშკარიანმა მოსამართლეს უპასუხა: „გეტყვით რა ვუთხარი, მე გახლდით ექსპერტიზის ხელმძღვანელი“.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპატრიარქის წინასწარ გახსნილი ანდერძი და საქართველოს ეკლესიის ისტორიული ქრონიკები – სპეციალურად “თაიმერისთვის” ლაშა დეისაძე-შარვაშიძე