(ვიდეო) სასამართლო ხელისუფლება არის ყველაზე სუსტი რგოლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით

margvelaსაქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლება არის ყველაზე სუსტი რგოლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით.როგორც გიორგი მარგველაშვილმა „მთავარის“ სტუდიაში აღნიშნა, პირველ რიგში, საზოგადოების ნდობა მოსამართლემ უნდა მოიპოვოს. მისივე თქმით, პოლიტიკოსის ჩარევა ამ სისტემაში, კარგი არ არის.

„სასამართლო ხელისუფლება ნამდვილად, ერთ-ერთი სუსტი რგოლია ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელსაც გააჩნია მძიმე წარსულის ელემენტები.

როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებაზე, ყველაზე რთული რეფორმა არის სასამართლო სისტემის, იმიტომ რომ როგორც კი შენ პოლიტიკურად ჩაერევი მის რეფორმირებაში, კარგი განზრახვითაც კი, შენ ამ პროფესიულ სხეულში იწყებ პოლიტიკური ნიშნით კარგისა და ცუდის გამორჩევას.

მეორეს მხრივ, თუ არანაირ ნაბიჯებს არ დგამ, რეალურად ეს სისტემა შეიძლება იყოს გათიშული საზოგადოებისგან. ამიტომ, სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე მსჯელობა და ფიქრი, მართლაც ერთ-ერთი ურთულესია.

რეალურად, სასამართლო სისტემის რეფორმირების სიმძიმე ახალი და ნდობით აღჭურვილი სასამართლოს შექმნისა, უნდა გადადიოდეს მხოლოდ და მხოლოდ მოსამართლეთა კისერზე და იმ ადამიანებზე, ვინც თავისი ცხოვრებით დაარწმუნებენ საზოგადოებას, რომ ისინი არიან ყველაზე უფრო სანდო ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებისა, რასაც ჰქვია სამართალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, კარგი იქნება სასამართლო სისტემის რეფორმირებაში თუ ჩაერთვებიან საქართველოს ევროპელი პარტნიორები.

“რატომ არ უნდა ჩავრთოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლთაც ნამდვილად, არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნიათ. ისინი მხოლოდ ექსპერტის თვალსაზრისით იქნებიან ჩართულები და დაგვეხმარებიან ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის გამართვასა და გაძლიერებაში. ეს არის ჩემი ამჟამინდელი პასუხი ამ მართლაც რთულ ვითარებაზე. როგორც კი პოლიტიკოსი ამ საკითხში ჩაერთვება, ის პოლიტიკურ შინაარსს შეიტანს ამ პროცესში. ამ პროცესში დახმარება ნამდვილად გვჭირდება და მადლობელი ვიქნებით ჩვენი ევროპელი პარტნიორები თუ დაგვეხმარებიან“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

banner
წინა სტატიაშიგალი სამხედრო ქალაქად გამოცხადდა
შემდეგი სტატიაჭარბი ხელისუფლება საფრთხეს ქმნის