ჭარბი ხელისუფლება საფრთხეს ქმნის

margvelaნამდვილად არ ვიქნები ორიგინალური და გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ იყო ნათქვამი – ჭარბი ხელისუფლება საფრთხეს ქმნის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მთავარის“ სტუდიაში განაცხადა.

„რეალურად, პოლიტიკური პარტიები არსებობენ პარლამენტშიც, პარლამენტს გარეთაც და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ამ არჩევნებში, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური პარტია ვერ შევიდა პარლამენტში. ეს არის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და ასეთი რეაქცია ჩემი მხრიდან გასაბათილებელი იყო, რადგან ცოტა აპათიური განწყობა შეინიშნებოდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომლითაც დემოკრატიული სახელმწიფოები შენდებოდა, ეს არის გაწონასწორებისა და ბალანსის პრინციპი, როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები აბალანსებენ და აწონასწორებენ ერთმანეთს.

„ვერ ვიტყვით, რომ ეს უკვე პრობლემა არის, მაგრამ ჭარბი ხელისუფლება ქმნის საშიშროებას იმისა, რომ ხელისუფლება ვისაც აქვს, გადაწყვეტს, რომ მის ხელში არის ჭეშმარიტება და აღარ დაეკითხება არც ოპონენტებს, არ დაეკითხება სხვა მხარეს და თვითნებურად მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ვალდებული ვიყავი ეს გამეხსენებინა საზოგადოებისთვის. ეს შემეხსენებინა პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩეული დეპუტატებისთვის, რომლებიც, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ლეგიტიმურად არჩეულები არიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მედიასაშუალებების დაცულობა საქართველოში უფრო მაღალ დონეზე უნდა გადავიდეს.მისივე განცხადებით, მას არ ახსენდება არცერთი საერთაშოროსო შეხვედრა, სადაც მედიაგარემოზე არ ყოფილა საუბარი და აქვე აღნიშნა, რომ შეიძინა ახალი ფუნქცია – მედია ექსპერტობა.

„კონსოლიდირებული ხელისუფლების დამაბალანსებელი, ერთ-ერთი სერიოზული ინსტიტუტი არის მედია და ტყუილად არ ეძახიან მედიას მეოთხე ხელისუფლებას.

დღეს მედიის მნიშვნელობა და ხარისხი, პოლიტიკური დაბალანსების თვალსაზრისით და სტაბილური დემოკრატიული დისკუსიის შექმნის თვალსაზრისით, არ შეიძლება იქნას გადაფასებული. საინტერესოა, რომ ჩემი ერთ-ერთი ახალი ფუნქცია, რომელიც შევიძინე, არის ფაქტობრივად, მედია ექსპერტობა. იმიტომ, რომ ყველა ჩემი საერთაშორისო დღის წესრიგი, ფაქტობრივად ყველა შეხვედრაზე ჩვენს პარტნიორებთან, საუბრის თემა არის მედია.უკვე ვეღარ ვიხსენებ შეხვედრას, რომელიც მქონია შეერთებული შტატების, ევროპის ლიდერებთან, სადაც არ წამოწეულა ეს თემა.ჩემი საუბრის შემადგენელი ნაწილია ის, რომ წავიდა ესა თუ ის ჟურნალისტი ძალიან რეიტინგული გადაცემიდან, დაიხურა ეს გადაცემა, აქ სამართლებრივი თემა გაგრძელდა, იქ წამოიჭრა…

მედია არ არის რომელიმე სფერო ეკონომიკის, მიუხედავად იმისა რომ ეს არის ბიზნესი, ეს არის შემადგენელი ნაწილი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა.

უფრო მაღალ დონეზე უნდა გადავიდეს დაცულობა მედიასაშუალებებისა საქართველოში“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) სასამართლო ხელისუფლება არის ყველაზე სუსტი რგოლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით
შემდეგი სტატიაკიევში ევრომაიდანის წლისთავზე პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა