საქართველოვ, შენ არა გყავს შვილი დასაკარგავი – ემიგრანტის წერილი „თაიმერს“

დღეს საინფორმაციო სააგენტო “თაიმერმა” ქართველი ემიგრანტისგან წერილი მიიღო თხოვნით, რომ ის გამოგვექვეყნებინა. წერილს უცვლელად გთავაზობთ.

ბევრი ფიქრის შემდეგ მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ. ჩემო ქართველებო, მე ემიგრანტი ვარ. 5 წელი ვიყავი საბერძნეთში, 2 წლით დავბრუნდი საქართველოში და ერთი წელი ხდება იტალიაში ვარ. დროა, ჩემო მეგობრებო, ყველამ ერთად მოვიფიქროთ რამე გამოსავალი თორემ ესე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენი საშველი აღარაფერი იქნება. უფრო და უფრო ვიფლობით ემიგრანტობის ჭაობში. დროა, ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული, გატანა გვერდში დგომა, სიკეთის კეთება, შველა, დახმარება. არავინ არავის არაფერს აძალებს და გვაძალებს, მაგრამ დღეს ჩვენს საქართველოს ძალიან უჭირს. ძალიან ბევრი გაჭირვებული გვყავს, მათ შორის, პატარა ბავშვები ლუკმა პურის საშოვნელად რომ დადიან.

ორ მილიონამდე ემიგრანტი ჰყავს საქართველოს. ვინც წამოსულები ვართ, იქნებ მოვიფიქროთ გამოსავალი. მაგალითად, გავხსნათ პატარა ფაბრიკები, კოოპერატივები. დავასაქმოთ საქართველოში დარჩენილი ხალხი. ნუთუ არ შეგვიძლია თითო გზავნილიდან 5 ევრო გადავდოთ გვერდზე და შევაგროვოთ ფული. რამდენ უსახლკაროს, ულუკმაპუროს დავეხმარებით. გავხსნათ მოხუცებულებისთვის უფასო სასადილოები. უკვე აღარ შეიძლება იმას, რაც საქართველოში ხდება შორიდან ვუყუროთ , სხვისი გულისტკივილი გულთან არ მივიტანოთ ! იქნებ შევქმნათ ისეთი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც კონკრეტული იდეის ბიზნეს გეგმას შეადგენს (იდეაზე მოვილაპარაკებთ. შესაძლებელია მცირე საწარმოების გახსნა, ფონდების დაფინანსება, ან საქონლის ან ფრინველების ყიდვა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ან სხვა რამ) და ჩვენს ინიციატივას, რომელსაც მოხალისე ემიგრანტები დააფინანსებენ, უხელმძღვანელებს.

მარტო ხელისუფლება ვერაფერს შეძლებს და ნუ ვადანაშაულებთ მარტო მთავრობას. ქვეყანას ჩვენი, თითოეული მოქალაქის მოქმედება სჭირდება, აგური, რომელსაც დავდებთ ჩვენი თანამოქალაქეების სასიკეთოდ, რადგანაც საქართველო ჩვენ ვართ, ხალხი, რომელმაც უკვე ერთმანეთის სიყვარული დაკარგა. რას დავემსგავსეთ, როგორ დავეცით ! რა გვჭირს !

დედისტოლა ქალები არიან ემიგრაციაში ოჯახების გამოსაკვებად. მათთან ერთად დღეს ჩვენ ვართ ემიგრანტები, ხვალ ჩვენი შვილები იქნებიან და მეშინია იმ ხვალინდელი დღის!

ბაბილინა გაბოძე

banner
წინა სტატიაშითქვენ გგონიათ, რომ იცით რა არის ფეხბურთი?
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ ირლანდიაში აფეთქება ადგილობრივმა დისიდენტურმა ჯგუფმა მოაწყო