საქართველოსთვის ევროკავშირში უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში დაიწყო. საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა მოხსენება მისასალმებელი სიტყვით დაიწყო. მან უცხოეთში მისი პირველი ვიზიტები მიმოიხილა. მისი თქმით, ის ჯერ ევროკავშირსა და ნატოს ესტუმრა, შემდეგ ევროპის წამყვან ქვეყნებს, ასევე შეხვდა ქაბულის პრეზიდენტს, ქართველ სამხედროებს. ზურაბიშვილის განცხადებით, ის ასევე იმყოფებოდა აზერბაიჯანში.

სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება.

“ჩემი ინაუგურაციიდან ჯერ არ გასულა 100 დღე. ამ საპასუხისმგებლო გზის საწყის ეტაპზე მინდა, მოგახსენოთ ჩემი პირველი ნაბიჯების შესახებ და გაგიზიაროთ ჩემი პოზიციები მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ ვიზიტების თანამიმდევრობა შემთხვევითი არ ყოფილა: როგორც გაცხადებული მქონდა, ჯერ ევროკავშირსა და ნატოს ვესტუმრე, შემდეგ – ევროპის დღევანდელ ორ წამყვან მეგობარ ქვეყანასა და პარტნიორს – საფრანგეთსა და გერმანიას;

როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოვინახულე ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც შორეულ ავღანეთში თავიანთი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით საქართველოს ასახელებენ. ქაბულში შევხვდი ავღანეთის პრეზიდენტს; ჩვენს რეგიონში კი პირველი ვიზიტით მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანს ვეწვიე და … ვერ დავივიწყებ კახში ისტორიული ჰერეთის მოსახლეობის დახვედრას.

მიღების დონე, სითბო, ღიაობა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რომელიც ყველგან მკაფიოდ იყო გამოხატული, განპირობებულია დღევანდელი საქართველოს მიღწევებით, მის მიმართ ნდობის ხარისხით და მისი რეალური პერსპექტივებით და არა პიროვნული დამოკიდებულებებით.

ჩვენ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ ილუზიებითა და მცდარი წარმოდგენებით, ზოგჯერ კი გვიჭირს ჩვენივე რეალური მიღწევების დაჯერება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გარედან უფრო ჩანს, რა გზა გაიარა საქართველომ და, ბევრი სირთულის მიუხედავად, როგორ პოზიტიურად უყურებენ მას დღეს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორს! ეს ჩემთვის ძალიან საამაყო იყო და მინდა, რომ ეს განცდა თქვენც გაიზიაროთ, რამეთუ ეს ჩვენი ერთობლივი, ჩვენი ერის მიღწევაა!

ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით გავიარეთ გზა, რომელიც 15 წლის წინ წარმოუდგენელიც იყო. ეს გზა მოიცავს სამეზობლო პოლიტიკას, აღმოსავლეთის პარტნიორობას, ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზალიბერალიზაციას.

ასეთივე ძნელი წარმოსადგენია ჩვენი ხვალინდელი ადგილი ევროპისა და მსოფლიო რუკაზე, მაგრამ არჩეულ გზაზე ნათლად ჩანს, რომ ყველაზე დიდი კოზირი სწორედ საქართველოა – მისი რეალური სახის, მისი პოტენციალის, კულტურისა და იდენტობის წარმოჩენა. დღეს საქართველოსთვის ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება. ევროპის სამომავლო სახე დღეს იკვეთება,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა – კობახიძე პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის ბოიკოტს აფასებს
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი არის სიმბოლო იმ არჩევნების, რომელიც ჩატარდა ამომრჩეველზე მასობრივი ზეწოლით, მოსყიდვით – დავით ბაქრაძე