საქართველოში მშვიდობის კორპუსის 58 მოხალისე ჩამოდის

მშვიდობის კორპუსის 58 ამერიკელი მოხალისე თბილისში 19 აპრილს ჩამოვა. როგორც ”თაიმერს” საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან აცნობეს, მოხალისეები საქართველოში ორი წლის ვადით დარჩებიან.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, მოხალისეთა აღნიშნული ჯგუფი რიგით მეთექვსმეტეა, რომლებიც საქართველოში 2001 წლიდან მსახურობენ. ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, მშვიდობის კორპუსის დირექტორთან, სტივენ სმიტთან ერთად, მოხალისეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდება და დაესწრება მიღების ცერემონიას.

აშშ-ს საელჩოს ცნობით, მოღვაწეობის დაწყებამდე, მოხალისეები გაივლიან ინტენსიურ 11-კვირიან წინასამსახურეობრივ ტრეინინგს, რომელიც მოიცავს ქართული ენის, კულტურის და პროექტთან დაკავშირებული უნარების სწავლებას. ამ პერიოდის მანძილზე, მოხალისეები ქართველ მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ, რაც საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს. ტრეინინგის დასრულებისთანავე, მოხალისეები განაწილდებიან საქართველოს ათი რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში ორი წლის ვადით.

განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მშვიდობის კორპუსი მოხალისეებს სოფლის ტიპისა და მიუვალ დასახლებებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, ეთნიკური უმცირესობისა და სოციალურად დაუცველ თემებში ანაწილებს. მოხალისეთა ძირითადი საქმიანობა იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლება. მოხალისეთა გარკვეული ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებში თემის განვითარების ხელშესაწყობად იმუშავებს.

აშშ-ს საელჩოს ცნობით, საქართველოში 2001 წლიდან, მას შემდეგ, რაც პირველი ჯგუფი ჩამოვიდა 660-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა. მათ თავიანთი უნარები ქართველ კოლეგებსა და თემებს, ხოლო ამერიკული კულტურა საქართველოს მოქალაქეებს გაუზიარეს. თავის მხრივ კი, ქართული კულტურის შესახებ ცნობები ამერიკაში ჩაიტანეს შინ დაბრუნების შემდგომ.

პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მშვიდობის კორპუსი 1961 წელს დააარსა მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშესაწყობად. მშვიდობის კორპუსი არის ამერიკის მთავრობის სააგენტო, რომელიც საქართველოში მთავრობის მოწვევის საფუძველზე მუშაობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები მშვიდობის კორპუსის მთავარი პარტნიორები არიან.

ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ მოხალისეთა საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე გაეცნონ.

banner
წინა სტატიაში“საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ტურისტივით რომ იცხოვროს, ეს უფრო მეტი პრობლემაა”
შემდეგი სტატია,,მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით “გირჩის“ ინიციატივა ყველა პარტიას აწყობს, გარდა “ოცნებისა“