,,მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით “გირჩის“ ინიციატივა ყველა პარტიას აწყობს, გარდა “ოცნებისა“

ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” ელოდება, რომ მაჟორიტარული მანდატების განაწილების ახლებურ მოდელთან დაკავშირებით მათი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში გავა.

როგორც ,,თაიმერს“ დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, პარტია “ქართული ოცნების“ გარდა, ყველა სხვა პარტიას აწყობს მოდელი, რომელიც პარლამენტს “გირჩმა“ შესთავაზა. კუბლაშვილის ცნობით, მათი პროექტის მხარდაჭერის საკითხზე კონსულტაციები დაწყებულია.
მისივე თქმით, თუკი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს მხარს “ეროვნული ფორუმი“, “რესპუბლიკელები“, “ნაციონალური მოძრაობა“ და დამოუკიდებელი დეპუტატები დაუჭერენ, პროექტის მიღებისთვის საჭირო 76 ხმა გროვდება.

“ჩვენ აღნიშნული ინიციატივა გასული წლის შემოდგომაზე მოვამზადეთ, როცა სხვა ყველა პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო ცვლილებებს ამზადებდა. ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ საარჩევნო სისტემის თემაზე კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, მოვამზადეთ ცვლილებების ისეთი ვარიანტი, რომელსაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა არ სჭირდება და 76 ხმა არის საკმარისი იმისთვის, რომ მაჟორიტარული სისტემა არსებითად შეიცვალოს. ჩვენ ეს კანონპროექტი მოვამზადეთ, დავდეთ კომიტეტებში და ვთქვით, რომ მოვა დრო და განვიხილავთ – ახლა დადგა დრო როცა ყველა პარტია, გარდა “ქართული ოცნებისა“, დღევანდელი მოდელით უკმაყოფილოა. ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა მხოლოდ სახელისუფლო ძალას აწყობს. რაც შეეხება პროექტის გარშემო კონსულტაციებს, მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის კოალიციაში შემავალ პარტიებთან, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან“, – განუცხადა კუბლაშვილმა.

გარდა ამისა, კუბლაშვილის ინფორმაციით, 21 აპრილს, IFES-ის ორგანიზებით იგეგმება შეხვედრა, სადაც განიხილავენ “ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის ვარიანტს და თავად “გირჩის“ ინიციატივას.

დეპუტატებმა – პავლე კუბლაშვილმა, გიორგი მელაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და გოგა ხაჩიძემ პარლამენტს “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტი წარუდგინეს, რომლის მიხედვით, რაიონები და ქალაქები ამომრჩევლების რაოდენობის შესაბამისად ერთ, ორ, სამ და ოთხ მანდატიან ოლქებად იყოფიან. კერძოდ, პროექტის მიხედვით, ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტების საზღვრებში შეიქმნება.
ორმანდატიანი საარჩევნო ოლქები შემდეგ მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქნება: – 1. რუსთავი; 2. მცხეთა, თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი; 3. გორი; 4. ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა; 5. ახალქალაქი, ნინოწმინდა; 6. ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური.

სამმანდატიანი საარჩევნო ოლქები იქმნება შემდეგ მუნიციპალიტეტების საზღვრებში: 1. საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო; 2. ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტა; 3. გარდაბანი, მარნეული; 4. კასპი, ქარელი, ხაშური; 5. ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო; 6. ხარაგაული, თერჯოლა, ვანი, ტყიბული, ბაღდათი; 7. ზესტაფონი, ჭიათურა, საჩხერე; 8. სამტრედია, ხონი, წყალტუბო; 9. ქუთაისი; 10. ჩხოროწყუ, ზუგდიდი; 11. ბათუმი. ოთხმანდატიანი საარჩევნო ოლქები იქმნება შემდეგ მუნიციპალიტეტების საზღვრებში: 1. მესტია, აბაშა, სენაკი, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ფოთი; 2. ქედა, ქობულეთი, შუახევი, ხულო, ხელვაჩაური.

რაც შეეხება დედაქალაქს, პროექტის მიხედვით, თბილისი ექვს სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქად დაიყოფა. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს მაჟორიტარული მანდატების განაწილების პრინციპებს, გამოკლებული მაჟორიტარის უფლებამონაცვლეობის წესს და მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნების სხვა დეტალებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მშვიდობის კორპუსის 58 მოხალისე ჩამოდის
შემდეგი სტატიათბილისის საერთაშორისო აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს