საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის დაკავებისა და გამოძიების დაწყების გარემოებებს განმარტავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 26, 2019 20:25

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის დაკავებისა და გამოძიების დაწყების გარემოებებს განმარტავს

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის დაკავებისა და გამოძიების დაწყების გარემოებებს განმარტავს

სხვა სტატიები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის დაკავებისა და გამოძიების დაწყების გარემოებებს განმარტავს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინიტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, სუსლიაკის მიერ საქართველოში შემოყვანილი ბავშვებიდან რამდენიმე ერთი და იმავე წელსაა დაბადებული.

„აპრილში იულია სუსლიაკმა საქართველოში 10 ბავშვი შემოიყვანა. რამდენიმე დღე დაჰყო სამეგრელოში და მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანას ცდილობდა. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ის გარემოებები, რაც თან ახლდა ოჯახს. პირველ რიგში, ქალბატონი ბავშვებს არასათანადოდ ექცეოდა, მათ ჰქონდათ კვებისა და ტანსაცმლის პრობლემა. რამდენიმე დაბადებულია ერთი და იმავე წელს. ასევე გამოძიების პროცესში გამოვლინდა, რომ არ ჩანს მეთერთმეტე ბავშვი“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, იულია სუსლიაკმა უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვი გაიყვანა, თუმცა რუსეთიდან საქართველოში 10 ჩამოიყვანა.

„ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ ქალბატონს უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ჰყავს 11 ბავშვი, ხოლო საქართველოში შემოყვანილი ჰყავს 10. დაუდგენელია იმ ერთი ბავშვის მდგომარეობა. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ინტერპოლის არხით ვცდილობთ, რუსეთის ფედერაციაში იმ ერთი ბავშვის ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის დადგენას. თავად ქალბატონმა საუბარში თქვა, რომ რუსეთში ერთ-ერთი ბავშვი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაეცვალა“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისი თქმით, შსს ამ ინფორმაციის გადამოწმებას ინტერპოლის დახმარებით ცდილობს.

ამასთან, როგორც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, ოჯახს არ აქვს ფინანსური რესურსები და მუდმივი საცხოვრებელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შესაბამისად, ბავშვების გადაყვანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლოგიკას არის მოკლებული.

მისი თქმით, გამოიკითხა არაერთი მოწმე, მათ შორის საავადმყოფოში, სადაც უკრაინიდან ჩამოყვანილი ბავშვები მოწამვლის შემდეგ მოათავსეს.

„ექიმებიც ადასტურებენ, რომ დედა ბავშვებს ექცეოდა არასათანადოდ. ერთ-ერთი ბავშვი ამბობს, რომ ის არ არის მისი დედა და მას ეშინია სიკვდილის, რაც მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის. საქმე ეხება არასრულწლოვნებს და ბევრ დეტალს ვერ გავახმაურებთ, თუმცა საქმეში არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტრანდარტი, რის დაფუძველზეც მოხდა ამ პირის დაკავება“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისი ინფორმაციით, იულია სუსლიაკს ბრალი უახლოეს მომავალში წარედგინება.

„ათივე ბავშვს და ქალბატონს ავუღეთ „დეენემის“ ანალიზი და ახლა ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. ამოღებულია ყველა დოკუმენტაცია. ვთანამშრომლობთ უცხოელ პარტნიორებთან. ერთ-ერთი ბავშვი გახლავთ აშშ-ის მოქალაქე და აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკის საელჩოსთან. ასევე უკრაინულ მხარესთან, რომელთა დახმარებით, უახლოეს პერიოდში დადგინდება ამ ქალბატონის მიერ მოწოდებული დოკუმენტების ავთენტურობა“, – განაცხადა ჭელიძემ.

რაც შეეხება იულია სუსლიაკის მეუღლე იური სუსლიაკს, შსს-ს ინფორმაციით, მას ჩამოსვლა შესთავაზეს.

„ჩვენ შევთავაზეთ, თუ აქვს სურვილი, ჩამოვიდეს და დაეხმაროს გამოძიებას“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.

დაკავებულის ადვოკატ ზურაბ თოდუას განცხადებით, უკრაინელი ქალი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოყვანილი 10 შვილის დედაა, ტრეფიკინგის ბრალს არ აღიარებს. მისი ინფორმაციით, იულია სუსლიაკი აფხაზეთში მყოფ მეუღლესთან, ბიზნესმენ იური სუსლიაკთან მიდიოდა. ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს იური სუსლიაკმა განუცხადა, ბავშვები, რომელიც მისმა მეუღლემ საქართველოში ჩამოიყვანა, კანონის სრული დაცვით, უკრაინაში სუროგაციის გზით გაჩნდნენ და ამის ყველა დოკუმენტი არსებობს. ის მიიჩნევს, რომ შესაბამის უწყებებში ამის შესახებ დასტურის მისვლისთანავე საქმე დაიხურება.

რაც შეეხება ბავშვების მოწამვლას, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი 20 აპრილს შეიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ორი მცირეწლოვანი, შესაბამისი მეთვალყურეობით, ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში – მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 26, 2019 20:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,479
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics