საქართველოს საგარეო უწყება – სოხუმში იორდანიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სინამდვილეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სოხუმში იორდანიის ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა.

საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებით, ეს არის ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენელთა კერძო ვიზიტი და მათ მიერ გაჟღერებული წინადადებები და/ან ინიციატივები არ ასახავს იორდანიის ოფიციალურ პოზიციას (მუნირ სობარი არ წარმოადგენს სენატის ვიცე-პრეზიდენტს, იგი არის რიგითი სენატორი, ხოლო დანარჩენი პირები, არ არიან საჯარო მოხელეები).

„ჩვენ იორდანიასთან გვაქვს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის აქტიური და დინამიკური დღის წესრიგი. ხორციელდება ვიზიტები მაღალ დონეზე. შარშან – პრემიერ-მინისტრი, წელს პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ იორდანიაში ვიზიტით. ისევე, როგორც მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები. იორდანიის მხარეს საჯაროდ არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მათ შორის მხარდაჭერა მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული იორდანიის პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერების მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებზე იორდანიაში წელს გამართული ვიზიტის ფარგლებში“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სოხუმში იორდანიის დელეგაციას შეხვდა.

banner
წინა სტატიაში„არ დავუშვებთ, რომ აფხაზებმა ან რუსებმა წამოაყენონ ულტიმატუმი” – საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმის მუქარას პასუხობს
შემდეგი სტატიამართვის მოწმობებზე 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან თითქმის 1 წლის თავზე, 100 ქულა მხოლოდ 24-მა მძღოლმა გახარჯა