საქართველოს პრემიერ-მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხს ეხმაურება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 4, 2018 11:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხს ეხმაურება

უკანასკნელი დღეების და საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადბეშია აღნიშნული, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხს ეხმაურება.

როგორც პრემიერი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს, რომ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს დროში იყოს გადმოსვენებული ოჯახში.

„ჩვენ ქვეყანას თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი მძიმე განსაცდელი გადაუტანია. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ტრაგედიის წინაშე დავდექით – ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ოჯახთან ერთად, ღირსეულად დავიტიროთ არჩილ ტატუნაშვილი, მასთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი კი, ამ დრომდე ოჯახებთან დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა სრულიად სამართლიანადაა შეძრული მომხდარი უბედურებით. საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს, რომ ცხედარი უმოკლეს დროში გადმოვასვენოთ ოჯახში. ყველა ჩვენი მეგობარი, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გვერდზე გვიდგას ამ პროცესში. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის როლი.

ახლა დგება დრო, როცა, მიუხედავად სამართლიანი ემოციებისა, უნდა მოვნახოთ საკუთარ თავში ძალა, რომ ამ უბედურებამ კიდევ ერთხელ არ შეგვიყვანოს იმ საბედისწერო სპირალში, რომელშიც 90-იანი წლების დასაწყისიდან გვიწევდა სიარული, ბედით თუ უბედობით, კონკრეტული ადამიანების სიმამაცითა თუ კიდევ სხვათა საბედისწერო შეცდომებით, გამყიდველობით თუ კიდევ უამრავი სხვა მიზეზით.

ახლა არის დრო, როცა უნდა გავმაგრდეთ, მამაცი ვაჟკაცი სათანადოდ გამოვიგლოვოთ და მიწას მივაბაროთ. ამის შემდეგ, ისევ მოვიკრიბოთ ძალა და შეუქცევადად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აგურ-აგურ მშენებლობის პროცესი, და რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღეს ამის თქმა, ოსებისა და აფხაზების შემორიგების პროცესი – კიდევ უფრო მეტი შემართებით და გულმოდგინებით“,- აღნიშნავს პრემიერი.

გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ „მავთულხლართების იქითა მხარესაც არიან ადამიანები, ვისთვისაც სულერთი არ არის თუნდაც ერთობლივი ცხოვრების ის ისტორია, რომელიც საუკუნეებს ითვლის“.

ასევე, მწამს, რომ ყველა მხარეს, არსებობს რაციონალური ძალა, რომელსაც ჯერა მშვიდობისა და თანამშრომლობის.

ჩვენ წინ გვაქვს გასავლელი ურთულესი გზა, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ; მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, თუ კიდევ ერთხელ, ჩვენს, თუნდაც სამართლიან ემოციებს და აგრესიას მივცემთ საშუალებას, საბოლოოდ ან დიდი ხნით გადავავადოთ ერის გამთლიანების პროცესი.

მე დარწმუნებული ვარ, გვეყოფა სიბრძნე და იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაკისრია მომავალი თაობების წინაშე, გავაგრძელებთ მომავლის შენებას.

უკანასკნელი დღეების და საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს“,- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 4, 2018 11:18