საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება

“საქართველოს ტერიტორიაზე აეროდრომების სერტიფიცირებას, სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს.

სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე.

სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.

ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. მისი მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.

საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია აეროდრომის გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ, მოქმედ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს-აღნიშნულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

 

სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო კოდი მიანიჭეს

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილი – თუ ჩემს ძმისშვილს არ გამოუშვებენ, მართლა ჩემს გეგმებს ავამოქმედებ
შემდეგი სტატიაევროკავშირმა აშშ-ში სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება დაგმო