საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილს იზიარებს ყველა პოლიტიკური ძალა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილს იზიარებს ყველა პოლიტიკური ძალა, მოსახლეობა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და ასევე, ვინც მომავალში იქნება ქვეყნის სათავეში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პირველი არხის კითხვაზე – რა გეგმები აქვს და როგორ აპირებს, დაარწმუნოს ნატოელი პარტნიორები, რომ საქართველოს მზად არის ალიანსში გასაწევრიანებლად, საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ დღეს და არა მომავალში, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩანაწერი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების შესახებ გაკეთებულია საქართველოს კონსტიტუციაში.

„ასე რომ, არ შეიძლება მისწრაფების, პოლიტიკური სურვილის ამაზე ძლიერი სიგნალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სურვილს იზიარებს ყველა პოლიტიკური ძალა, მოსახლეობა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და ასევე, ვინც მომავალში იქნება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონსენსუსი. ამ კონსენსუსზე ვესაუბრები ყველა პარტნიორს, ვისაც შევხვდები ორმხრივ ფორმატებში. გავიმეორებ, რომ საქართველოს სურს და საქართველო მზად არის, საქართველომ გაატარა ყველა საჭირო რეფორმა, რომელიც მას მოეთხოვებოდა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ეს არ არის სურვილის მხოლოდ სიტყვიერად დეკლარირება.

„მე მოვითხოვ იმას, რაზეც დღეს ვისაუბრე, რომ ჩვენ მზად ვართ. არის რეალობა, რომელმაც განაპირობა, რომ დიდი ხანია, ველოდებით. ველოდებით და ამასთან ერთად, გვსურს მეტი ნატო, მეტი თანამშრომლობა, მეტი უსაფრთხოება. შავი ზღვის უსაფრთხოება თანამშრომლობის მოდელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ აირჩია ევროინტეგრაციის გზა და ამ გზიდან არ გადაუხვევს
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებულ აქვს არათუ ჩვენი მხარდაჭერა, არამედ ამ ცვლილების თანაავტორები ვართ