“საქართველო, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გზაჯვარედინზე, ევროპისთვის აზიის კარიბჭეა”

საქართველოს პრემიერის წერილში, რომელიც www.euractiv.com-მა გამოაქვეყნა, ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ე.წ. რბილი ძალის წარმატების მაგალითი.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ურთიერთობების განმტკიცების საუკეთესო გზა ადამიანებს შორის კონტაქტია და ეს წესი ვრცელდება ურთიერთობების ნებისმიერ დონეზე, იქნება ეს პოლიტიკური, საქმიანი თუ ტურიზმის სფერო.

„პირადად მე ეს გამოვცადე ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ამ კვირაში ბრიუსელში გაიმართა. ამ სხდომაზე დადასტურდა ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. დისკუსიებისას აღიარებულ იქნა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის ყოვლისმომცველი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანობა, რომელთა შედეგადაც საქართველო უახლოვდება ევროპულ ნორმებს. ეს პროგრესი აისახა ჩვენი რეიტინგების სტაბილურ ზრდაში დემოკრატიული სტანდარტების ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა არჩევნები, სიტყვისა და მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, გამჭვირვალობა და კორუფციის აღმოფხვრა.

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ პრიორიტეტებად გამოაცხადა მზარდი გამჭვირვალობა, სანიმუშო მმართველობა, პოლიტიკური ანგარიშვალდებულება და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, როგორც დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციისადმი ჩვენი ერთგულების გამოხატულება. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ ზომები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და პრესის თავისუფლების უზრუნველსაყოფად”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს უკვე მოჰყვა პოზიტიური შედეგები, რაც აისახება ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში.

“საქართველო, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გზაჯვარედინზე თავისი უნიკალური მდებარეობის წყალობით, ევროპისთვის არის აზიის კარიბჭე. ამის უტყუარი დემონსტრირება იყო ახლახან თბილისში ჩატარებული აბრეშუმის გზის პირველი ფორუმი – პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროების საერთაშორისო ლიდერებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველო უპირობოდ ემსახურება ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების საქმეს. ამავე დროს, ჩვენ პროაქტიულად ვუწყობთ ხელს იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენს პარტნიორებთან ევროკავშირიდან. ამის ნათელი მაგალითია პირველი საერთაშორისო კონფერენცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა გასულ კვირას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურსა და გაეროსთან ერთად ორგანიზებულ ამ კონფერენციაზე გამოიკვეთა ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას საყოველთაო თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველზე”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაკარასინი-აბაშიძე რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე იმსჯელებენ