,,სამინისტროში შესული წერილიდან გამომდინარე, ზუგდიდის მე-6 სკოლაში შესწავლის არდაწყება იქნებოდა დანაშაული”

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

„წერილის შინაარსიდან გამომდინარე, შესწავლის არდაწყება სამინისტროს მხრიდან დანაშაული იქნებოდა,“- ამის შესახებ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა გიორგი ქოჩიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ქოჩიშვილმა ბრიფინგი მას შემდეგ გამართა, რაც განათლების კომიტეტის სხდომაზე, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლასა და ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადაიდო.

გიორგი ქოჩიშვილის განმარტებით, ინსპექტირების დაწყებასთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემის საფუძველი ხდება მოქალაქეების ან სხვადასხვა ორგანიზაციის განცხადებები შესაძლო დარღვევების არსებობასა და მათ სიმძიმეზე. მისი თქმით, თუ განცხადებებში მითითებულია ისეთი საკითხები, რომლებიც დროში სწრაფ რეაგირებას საჭიროებენ – ფართის/ქონების განკარგვა უკანონოდ, სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე უკანონოდ გადაცემა – რეაგირება ხორციელდება უსწრაფესად, რეალურად, მეორე დღესვე.

როგორც განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის უფროსმა ბრიფინგზე განაცხადა, ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით, სწორედ ამ ტიპის დარღვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია სამინისტრომ და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ წერილი არ იყო ანონიმური და მასში აღწერილი ფაქტები სკოლის შემოწმებისას დადასტურდა კიდეც.

„სამინისტროს შესაბამისი სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის. ეს ემსახურება სკოლების შეფასებას, ხარვეზების, გადაცდომების, სხვადასხვა ტიპის დარღვევის აღმოფხვრას და შესაბამის რეაგირებას. სწორედ ასეთი სამუშაო იქნა ჩატარებული ზუგდიდის მე-6 სკოლაში.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა ისეთი მძიმე დარღვევები, როგორიცაა სკოლის ქონებით მესამე პირების მიერ უკანონოდ სარგებლობა. კერძოდ, გარეშე პირები იყენებდნენ სკოლის ფართებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ისე, რომ სკოლას არ მოუთხოვია და არც მათ გადაუხდიათ გადასახადი; სკოლამ შეფასება განახორციელებინა ორგანიზაციას (შპს-ს „ენგურ-აუდიტი“), რომელსაც ლიცენზიის მოქმედების ვადა ამოწურული ჰქონდა, არ ფიქსირდებოდა აუდიტორთა რეესტრში და ამასთან არ იყო ქონების შეფასებაზე უფლებამოსილი პირი; სკოლის მიერ არ ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება ფართის მესამე პირებზე სარგებლობაში გადაცემის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსათვის.

ინსპექტირების სამსახურის დასკვნის მიღების შემდგომ სკოლის სამეურვეო საბჭომ იმსჯელა და დაეთანხმა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშს დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ, თუმცა დირექტორს შეუნარჩუნა თანამდებობა. ყველა დარღვევის შესახებ სამეურვეო საბჭო წერს, რომ ხარვეზი გასწორდება, ან გასწორების პროცესშია. ცალკეულ შემთხვევებში კი მინიშნებულია, რომ ეკონომიკური ტერმინი ვერ იყო სწორად გაგებული“, – განაცხადა გიორგი ქოჩიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სწორედ ინსპექტირების შემდეგ დაიწყო სკოლამ წლების განმავლობაში არსებულ დარღვევებზე ზრუნვა და სწორედ ჩატარებულმა შესწავლამ მოიტანა ის პოზიტიური შედეგი, რომ დღეის მდგომარეობით, სკოლაში დარღვევები, ფაქტობრივად, აღმოფხვრილია

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქოჩიშვილი – განათლების სამინისტროს ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი არ გაუთავისუფლებია
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ- რა ხდება ლარსის გამშვებ პუნქტზე