გიორგი ქოჩიშვილი – განათლების სამინისტროს ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი არ გაუთავისუფლებია

პარლამენტში გადადებულ მოსმენასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის უფროსმა გიორგი ქოჩიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე მიზანმიმართული უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი სამსახურიდან სამინისტრომ გაათავისუფლა.

ქოჩიშვილის განმარტებით, მძიმე ადმინისტრაციული და ფინანსური, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დარღვევების გამო, არსებული პროცედურის გათვალისწინებით, ინსპექტირების დასკვნა გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს, რათა ემსჯელათ და მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. საბჭომ იმსჯელა და დაეთანხმა კიდეც სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშს დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ, თუმცა დირექტორს თანამდებობა შეუნარჩუნა.

„განათლების სამინისტრომ გაითვალისწინა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება და არ მიიღო დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას ჰქონდა. თუმცა, ამის მიუხედავად, დაინტერესებული პოლიტიკოსებისა თუ მედიის მხრიდან, ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, რომ სკოლის დირექტორი სამინისტროს მიერ გათავისუფლდა.

გიორგი ქოჩიშვილმა ასევე განმარტა, რა შემთხვევაში ხდება შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებაზე მინისტრთან შუამდგომლობა. მისი თქმით, ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც გამოვლენილ დარღვევებს უხეში, მრავალჯერადი/არაერთგზისი და განმეორებადი ხასიათი აქვს, ზიანს აყენებს სკოლის საქმიანობას, საფრთხეს უქმნის მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა ჯანმრთელობას. მაგალითად, უცხო პირთა მიერ ხდება სკოლის ქონებით უკანონო სარგებლობა, ფინანსების ან/და სკოლის ქონების არამიზნობრივი/უკანონო განკარგვა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დარღვევა, მოსწავლეთა ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცვლელი ინფრასტრუქტურული მდგომარეობა. სწორედ ასეთი დარღვევები აისახებოდა წერილში, რომელიც მოქალაქემ ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში შეიტანა თუმცა, სამინისტროს მიერ დირექტორის გათავისუფლება არ მომხდარა“, – ნათქვამია პრესრელიზში.

banner
წინა სტატიაშითოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი პირველი რესპუბლიკის მოედანზე
შემდეგი სტატია,,სამინისტროში შესული წერილიდან გამომდინარე, ზუგდიდის მე-6 სკოლაში შესწავლის არდაწყება იქნებოდა დანაშაული”