სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ზუგდიდში მდებარე მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო.

,,9 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ამ დღის გმირებმა თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ეს ადამიანები ყოველთვის იქნებიან მისაბაძები მომავალი თაობებისთვის. 9 აპრილის ტრაგედიას ემსხვერპლა ჩვენი რეგიონის მკვიდრი 22 წლის აზა ადამია, რომელიც მედგრად იცავდა საქართველოს ღირსებას და იბრძოდა თავისუფლებისთვის“-აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ.

მემორიალთან, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულებისა და დათა ვანიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
შემდეგი სტატია9 აპრილი და პანდემია – სალომე ზურაბიშვილი ანგარიშს წარადგენს