სამართლიანობა ჩამოიქცა – დავით მაღრაძე “დაიცავი საქართველოს” აღდგენაზე საუბრობს

პოეტმა დავით მაღრაძემ TV პირველზე, გადაცემა “რეაქციაში” პოლიტიკური მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” აღდგენის შესახებ ისაუბრა. მაღრაძის განცხადებით, ვიდრე დღევანდელ ხელისუფლებასა და ძველ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ატარებდა შინაარსს, ამ შინაარსის გამო ბევრი რამ იყო გამართლებული, თუმცა ახლა უკვე ამ დაპირისპირებამ მისთვის შინაარსი დაკარგა. პოეტმა მოსამართლეების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ “ეს ხალხი ქმნიდა იმ სვეტს, რომელზეც ძველი ხელისუფლება აშენდებდა უსამართლო სახელმწიფოს”

“დღევანდელ ხელისუფლებასა და ძველ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ვიდრე ატარებდა შინაარსს, ამ შინაარსის გამო ბევრი რამ იყო გამართლებული. ჩვენი პოზიციაც, ჩვენი მხარდაჭერაც, ჩვენი დამოკიდებულებაც, ჩვენი მოტივაციაც. როდესაც ახალმა ხელისუფლებამ ზნეობრივი არჩევანი გააკეთა იმათ სასარგებლოდ, რასაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით, ამის შემდეგ შინაარსი დაკარგა ჩემთვის ამ დაპირისპირებამ, ჩამოიცალა შინაარსისაგან ძველი ხელისუფლებისა და ახალი ხელისუფლების დაპირისპირება. ვეღარ ვხედავ მე იმ საფუძველს, მათ შორის შინაარსს, დაპირისპირების საფუძველს ვეღარ ვხედავ, ვინაიდან სამართლიანობა ჩამოიქცა… ის ძველი აღმოსავლური ტიპის დესპოტიის შექმნის მცდელობა ეყრდნობოდა სწორედ იმ ბურჯებს, სადაც დღევანდელი მოსამართლეების ძებნა დაიწყო ახალმა ხელისუფლებამ. ესენი იყვნენ უსამართლობის ბურჯები… ეს ხალხი ქმნიდა იმ სვეტს, რომელზეც ძველი ხელისუფლება აშენდებდა უსამართლო სახელმწიფოს. ზუსტად იმ სვეტზე გადაწყვიტა ახალმა ხელისუფლებამ ააშენოს ახალი სამართალი”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკანიანი ე.წ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადატანას არ ეთანხმება.
შემდეგი სტატიაBrexit: ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის გადადებას მისცა ხმა