საკონსტიტუციო სასამართლომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ცხოვრების ორწლიანი ცენზი გააუქმა

სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საკონსტიტუციო სასამართლომ კახა კუკავას კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბინადრობის ორ წლიანი ცენზი გააუქმა:

“2017 წლის 17 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხებოდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის მიმართ დადგენილი შეზღუდვის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, აგრეთვე მერობის/გამგებლობის კანდიდატების მიმართ დადგენილი შეზღუდვების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობას, რომელთა თანახმად პირი ვერ მიიღებდა მონაწილეობას საკრებულოს წევრის, მერის/გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელ არჩევნებში, თუ არჩევნების დანიშვნამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად არ ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმები არღვევდა პირის უფლებას არჩევნებში მონაწილეობის გზით დაეკავებინა სახელმწიფო თანამდებობა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასა და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველესად, გამიჯნა კონსტიტუციის 28-ე (საარჩევნო უფლება) და 29-ე (სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება) მუხლებით დაცული სფეროები. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თუ არჩევნების ჩატარება, როგორც თანამდებობის დაკავების ფორმა, დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი თანამდებობის დაკავება დაცულია კონსტიტუციის 28-ე მუხლით, ხოლო თუ თანამდებობის დაკავებისთვის არჩევნები არ წარმოადგენს კონსტიტუციურ მოთხოვნას და განსაზღვრულია მიმდინარე კანონმდებლობით, ამ თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეფასდეს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული უფლების ფარგლებში.

საკრებულოს წევრობის კანდიდატისთვის დადგენილი მოთხოვნების კონსტიტუციურობის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არჩევითი თანამდებობის დასაკავებლად ცენზის/მოთხოვნის დაწესება არ არის შეუთავსებელი დემოკრატიულ მმართველობასთან. იმავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებულ არჩევნებზე დაუშვებელია კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი მოთხოვნის დაწესება და ამ უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი ვერ იქნება საუკეთესო კანდიდატის ან/და ასარჩევ თანამდებობასთან ობიექტურად ყველაზე მეტად შესაფერისი კანდიდატის შერჩევის უზრუნველყოფა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გამონაკლისი შეიძლება დაწესდეს მაშინ, როდესაც კანონით დადგენილი მოთხოვნის მიზანია იმ საფრთხეების პრევენცია, რომლებიც გამომდინარეობს ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე არჩევიდან. სასამართლომ განმარტა, რომ საკრებულოს არჩევნები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, თუმცა კონსტიტუცია არ ადგენს სადავო ნორმებით განსაზღვრულ სპეციალურ მოთხოვნებს/ცენზებს საკრებულოს წევრთან მიმართებით. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია რაიმე საფრთხეზე, რომლის პრევენციასაც სადავო ნორმები ემსახურება და ეს არც სადავო რეგულირების არსიდან გამომდინარეობს.

მერობის/გამგებლობის კანდიდატისთვის წარდგენილი მოთხოვნების კონსტიტუციურობის შეფასებისას, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმები კანდიდატს უდგენდა არა კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის, არამედ ზოგადად საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების მოთხოვნას. სასამართლომ აღნიშნა რომ, გასაჩივრებული დებულებებით დადგენილი ცენზი ვერ იქნება პირის სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გარანტია, ამ გარემოების განმსაზღვრელი უპირობო ან უალტერნატივო საშუალება. პირის მიერ სადავო ნორმებით განსაზღვრული ცენზის დაკმაყოფილება თავისთავად ვერ უზრუნველყოფს პირის ჩართულობას სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამასთან, შეზღუდვა არ არის მიმართული კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის საჭიროებების ცოდნისკენ. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებდა თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.

გადაწვეტილებას თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი ” ნართქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – 26 მაისის აღნიშვნის ძირითადი თემატიკა “ვეფხისტყაოსანი” იქნება
შემდეგი სტატიაივანიშვილის პალმა ტრანსპორტირებისას მისაბმელიდან გადმოვარდა